“რატომ არის ამ ხარისხის კრიტიკა მედიის მიმართ”-თამთა მიქელაძე

სოცილაური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში გასულ სიუჟეტს კრიტიკულად აფასებს და წერს:

“ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში ვარლამ გოლეთიანის ჩართვას ვუსმინე.

მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება კონსპირაციებით, ფაქტების არაზუსტი წარმოდგენით და კერძო ინვესტორის უპირობო სიწმინდის ლოგიკით ააწყოს მედიამ მსჯელობა ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელის გულზე ჩანს არგუმენტები და კრიტიკა ამ პროექტის მიმართ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით.

ერთი შინაარსობრივი კითხვა არ დასვა ჟურნალისტმა და ინვესტიციების უპირობო შემოსვლის უპირატესობაზე ხელაღებით ლაპარაკობდა და მხოლოდ ეს იყო მისი ინტელექტუალური და პოლიტიკური პლატფორმა საუბრის დროს.

როგორ დავიჯერო რომ ვერ გაიგო ამ კრიტიკის დასაბუთებლობა ინგა გრგილოლიამ და მისმა პროდიუსერებმა?

არ შეიძლება რუსეთის და ბაზრის სიწმინდის დოქსებზე იდგას ჩვენი მთელი საჯარო აზროვნება და პოლიტიკური მსოფლმხედველობა.

ნათია თურნავას გადადგომის კონტექსტში ჟონეთში გუშინდელი აქციის, როგორც ფაქტის პროპაგანდისტული გამოყენება და რიონის ხეობის მცველების ინსტრუმენტალიზება, ძალიან უხერხულია და უპატივცემულობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც უკვე 1 წელია ქუჩაში დგანან საჯარო ინტერესების დაცვისთვის.

მაღალი მიგრაცია და სიღარიბე რიონის ხეობის მცველებს როგორ უნდა დააბრალო და ნათია თურნავაზე კრიტიკა არ გქონდეს ამ დროს? ან სად დაინახა ვინმემ, რომ ინვესტიციების შემოსვლის შემდეგ მატერიალური სიკეთეები მოქალაქეებთან ჩავიდა და სიღარიბის და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას მოხმარდა ეს?!

არ გაგვიკვირდეს შემდეგ რატომ იკარგება ნდობა ყველა ინსტიტუტის მიმართ ამ ქვეყანაში და რატომ არის ამ ხარისხის კრიტიკა მედიის მიმართ.”