თსუ 6 დასაქმებულს ანაზღაურებას 1 ანგარიშზე ურიცხავდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების სამინისტროს ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აუდიტი სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობასაც შეეხო. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა სავარაუდო დარღვევაზე, რაც უნივერსიტეტში ფიქსირდებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში თსუ-ს ჰყავდა 6 დასაქმებული, თუმცა ამ ექვს პირს ხელფასს ერთსა და იმავე სახელფასო ანგარიშზე ურიცხავდა, აღნიშნული საბანკო ანგარიში კი არცერთი მათგანის სახელზე არ იყო რეგისტრირებული.

“თსუ-ის შემთხვევაში, ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება ექვსი სხვადასხვა მიმღები. აღნიშნულ ანგარიშზე „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების“ მუხლით 2020 წელს გადარიცხულია 37,333.56 ლარი. მითითებული ექვსი პირიდან არც ერთი არ არის აღნიშნული ანგარიშის მფლობელი, ამასთანავე, მოცემულ ანგარიშზე გადარიცხული თანხების საფუძვლები უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა.

ასევე ფიქსირდება შემთხვევები ერთი საბანკო ანგარიშით და ორი მიმღებით, თუმცა ამ გადარიცხვების საფუძვლები უნივერსიტეტს არ წარმოუდგენია,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

წყარო: BM.GE