თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს მედიცინის ფაკულტეტის, ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის, გერონტოლოგიისა და ვივარიუმის შენობების, ასევე შიდა და გარე ეზოების რეკონსტრუქციასა და მოწყობას. ამასთან, სრულად მოხდება შენობების რეაბილიტაცია, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის.


პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.


თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რექტორი გიორგი შარვაშიძე, კანცლერი ლაშა საღინაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია გაეცნენ.

რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, სარემონტო სამუშაოების შედეგად მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.


„რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოებისთვის 3.5 მილიონი ლარი გამოიყო, რის შედეგადაც, მომავალი წლისთვის მედიცინის ფაკულტეტი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს,“ – აღნიშნა რექტორმა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2024 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.