სტუ-ის სტუდენტებს CERN-ში სწავლა და დასაქმება შეეძლებათ!

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც სტუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მოხვდნენ CERN-ის საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაზე (CERN Summer Student Programme), გაემგზავრონ ჟენევაში და CERN-ში დასაქმდნენ.

პროგრამის ფარგლებში, CERN-ის გამოცდილი ექსპერტები 8-13 კვირის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ უცხოელ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათ მიერ არჩეული სპეციალობების მარტივად ათვისებაში დაეხმარებიან.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მსოფლიოში უმსხვილეს კვლევით ცენტრში, ლექციების პარალელურად, CERN-ის პროექტზეც იმუშავებენ. აღნიშნული პროგრამის მიზანი განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებაა, რომელებიც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.