თსუ ბარ-ილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აფართოებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბარ-ილანის უნივერსიტეტის (ისრაელი) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში, რომელიც სამეცნიერო და აკადემიურ სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურებოდა, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბარ-ილანის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ოფერ დაჰანი და Erasmus+ICM კოორდინატორი დენიელ შუვალი მონაწილეობდნენ.

თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„ისრაელის ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და გაცვლით პროგრამებს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება გამახვილდა ნანოტექნოლოგიებსა და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებაზე.“ – განაცხადა თსუს რექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ბარ-ილანის უნივერსიტეტი ისრაელის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა და მის 9 ფაკულტეტზე, 20 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

წყარო: tsu.ge