გუდაურში იანვრიდან ჯავშნები 60%-ით შემცირდა. სასტუმრო “კუადრუმში” ,,ომიკრონის” გამო იანვარში დამსვენებლები თითქმის აღარ ყავთ და 22 ნომრიდან მხოლოდ 3-4 ნომერია დაჯავშნილი.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნავს, დეკემბერთან შედარებით იანვარში ჯავშნები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ.
“ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში 90%-100%-ით დატვირთულები ვიყავით, ხოლო ახლა 20-30%-ით დატვირთულები ვართ. ახალი წლის შემდეგ ტურისტების კლება საგრძნობია, იანვარში ჯავშანი თითქმის არაა და თებერვალშიც ანალოგიურად, ჯავშნების რაოდენობა ჯერ მცირეა. ვირუსის ახალი შტამი ბიზნესში არასტაბილურ გარემოს ქმნის, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს”, – აღნიშნა ირაკლი ერისთავმა.
“კუადრუმის” დამფუძნებლის თქმით, ფასები 30%-ით შეამცირეს, რადგან ახლა მისი ზრდა სასტუმროს ტურისტებს უფრო მეტად დააკარგვინებს.
“ამჟამად სასტუმროში ფასები ნომრების მიხედვით, 75$-დან, 200$-მდე მერყეობს, ეს თანხა ტურისტების რაოდენობის კლებამდე 90$-დან 250$-მდე მერყეობდა. ფასების გაზრდა ჩვენთვის დამაზარალებელი იქნება, ამიტომ გარკვეული აქციები გვაქვს”, – განმარტა “კუადრუმის”- დამფუძნებელმა.