რა ეშველება ლარს?

თურქული ლირა წელს დოლართან მიმართებით 60 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ფასები 20 პროცენტით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ასი დოლარით დღეს თურქეთში გაცილებით მეტ საქონელს იყიდი, ვიდრე შარშან ამ დროს. ამიტომ თუ გაქვს დოლარი ან ლარი, თურქეთში სჯობია საქონლის ყიდვა, ვიდრე აქ. ამიტომ მიდიან სავაჭროდ მასობრივად ბათუმიდან ხოფაში, ამიტომ გადადიან ბათუმიდან თურქეთში საწვავის ჩასასხმელად. სწორედ ესაა ის მექანიზმი, როცა ხელისუფლება ამბობდა, რომ თურქულმა ლირამ ლარი გააუფასურაო.

მექანიზმი ერთია და რეალობა მეორე. არასდროს, როცა ლარის გაუფასურებას თურქულ ლირას აბრალებდნენ, არ გამოუქვეყნებიათ თურქეთთან ვაჭრობის მაჩვენებლები. იმიტიმ არ აქვეყნებდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული სავაჭრო ბალანსში არ ხდებოდა. თურქულ ლირაზე აპელირება საკუთარი ცუდი მუშაობის გასამართლებად სჭირდებოდათ. ახლა სხვანაირად დავსვათ საკითხი: ნუთუ მართლა ცუდია, რომ ქვეყნიდან ვალუტა გადის? სანაცვლოდ ხომ საქონელი შემოდის? ტექნოლოგიები, თუნდაც სურსათი. გუშინ შენი ათი ლარით თურქეთში ერთ ქათამს ყიდულობდი, გაიღვიძე და თურქეთის მონეტარული ხელისუფლების უნიათობის გამო სუფრაზე ორი ქათამი გაგიჩნდა უცბად. განა ეს ცუდია? მერე სამამულო წარმოება? იკითხავს მავანი. აქ უკვე აღარ ღირს კამათი, ამას ცოტა მეტი ეკონომიკური ციდნა სჭირდება, მაგრამ ეს ისეთი საკრალური თემაა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 99 პტოცენტს ვერ გაუგია. ყველა მეცნიერებაზე რთული არის ეკონომიკა. ადვილი რომ იყოს, დღეს მსოფლიოში სიღარიბე არ იქნებოდა.