კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ მუზეუმების გაერთიანების ფონდებში ქაოსი სუფევს და არსადაა აღწერილი, რა ინახება მუზეუმებში.
„თვალები იმისთვის გვჭირდება, რომ წავიკითხოთ აუდიტის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა იმ საშინელ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მუზეუმის მართვისას ბატონი დავით ლორთქიფანიძის და მისი გუნდის მიერ, წლების განმავლობაში იყო დაშვებული.
ეს ის გუნდია, რომელიც 15 წელზე მეტია სამუზეუმო გაერთიანებას ხელმძღვანელობს და იქ, ფონდებში სუფევს ქაოსი, ეს პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც, ჩემი ვარაუდით, პროკურატურაში გადაიგზავნება.
ეს არ არის ერთადერთი დასკვნა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, ამავე გუნდის მმართველობის შესახებ სახელმწიფო აუდიტი დებდა დასკვნებს. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ჩემი წინამორბედი არაერთი მინისტრი შეწუხებული იყო იმით, თუ რა ხდებოდა ეროვნულ მუზეუმში. რატომ არავინ მოისურვა, რომ „ქადა ორი ხელით ეჭამა“, ამის შესახებ მე არ ვიცი.
კულტურის სამინისტროში შევქმენით დანაყოფი, რომელიც მანამდე არ არსებობდა – კულტურული მემკვიდრეობის და ფასეულობათა დაცვის ინსპექცია, რომელიც სწავლობს, როგორ იმართება ფონდები სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და არა მხოლოდ.
ერთი, პირველი დასკვნა, რაც შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, ის არის, რომ ფონდებში სუფევს ქაოსი. არ არის აღწერილი რა გვაქვს ფონდებში. როდესაც ნიკა ახალბედაშვილი დავნიშნე ხელოვნების მუზეუმის დირექტორად, აღმოჩნდა, რომ პასპორტები არ ჰქონდა არცერთ ექსპონატს. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მარტივია ექსპონატის გაუჩინარება. ეს არის ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც ვსვამ მე და ჩემი ვალდებულებაა ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას შევეცადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.