სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა.
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს, დავით დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა.
აქამდე დავით დოიაშვილი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა.