თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „ნაბუკო“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენის შემდეგ კი, თეატრის წინ, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე დაესწრო.
სპექტაკლი გიორგი გაგნიძის მსოფლიო სასცენო მოღვაწეობის 25 წელს მიეძღვნა და მასში ნაბუკოს პარტია თავად ბარიტონმა შეასრულა. წარმოდგენაში ასევე მონაწილეობდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი, ლატვიის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, მარტინ ოზოლინსი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, რეჟისორი კი – ენრიკო სტინკელია.
აღსანიშნავია, რომ 1859 წელს, მილანის ლა სკალას პრემიერიდან რამდენიმე წლის შემდეგ, „ნაბუკო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა და რეპერტუარში დაიმკვიდრა ადგილი.