28 მაისს „ბლექ სი არენა“ სეზონს გახსნის

28 მაისს „ბლექ სი არენა“ (Black Sea Arena) სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის.
ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან ვებგვერდის – www.bsa.ge საშუალებით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება. კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.


Black Sea Arena-ს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაყურებელს დასამახსოვრებელ დაბრუნებასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს ჰპირდებიან.


„Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ 2022 წლის თავგადასავლის არც ერთი პუნქტი არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გაგაცნობთ.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. იგი სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს, ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, – აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.