რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება.
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის განცხადებით, თეატრში 136 ღონისძიება გაიმართება, მათ შორისაა 6 სპექტაკლის პრემიერა. დასრულდება ე. წ სარდაფის სივრცის – რეაბილიტაცია, გაიხსნება მუზეუმი, რომელიც მრავალი წელია, თეატრს არ აქვს.
დღეს რუსთავის თეატრის “ცისფერ დარბაზში” საიუბილეო სეზონზე დაგეგმილი პრემიერებისა და ღონისძიებების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარადგინეს.
საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა – მიუზიკლი “კუკარაჩა“, თებერვალში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა, მალევე რეჟისორი კოკო როინიშვილი ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს. ზაფხულში, რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.სეზონის მიწურულს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. 30 ნოემბერს, საიუბილეო დღეს, დასკვნითი კოსტიუმირებული გალა ღონისძიება გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟამინდელი და დასის უკვე ყოფილი წევრები, რეჟისორები, მხატვრები.
“რუსთავის თეატრი 55 წლის ხდება და ეს იქნება ღონისძიებებით სავსე საიუბილეო წელი. დაგეგმილი გვაქვს ექვსი პრემიერა, მოვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამააარსებლები არიან ამ თეატრის, იქნება შემოქმედებითი საღამოები. ვფიქრობ, რომ წელს, რუსთავის საზოგადოებისთვის განსაკუთრებული და საინტერესო თეატრალური სეზონი იქნება“, – განაცხადა სოსო ნემსაძემ.