ყაზახეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მისმა კომპანიამ სამართალდამცავ უწყებებს ქუჩებში პატრულირებისთვის ინკასაციის 9 ბრონირებული მანქანა გადასცა. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები ე.წ. სამოქალაქო რაზმებშიც მონაწილებენ.
ჩვენო საყვარელო მომხმარებლებო,
4 ქალაქის ქუჩებში პატრულირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს ინკასაციის ბრონირებული 9 მანქანა გადავეცით. ჩვენი თანამშრომლები სამოქალაქო რაზმებში მონაწილეობენ. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მთელი ძალებით ვცდილობთ დავეხმაროთ მშვიდობის აღდგენას ჩვენს ქვეყანაში თქვენთან ერთად.
ნება მომეცით, მოკლედ გითხრათ, რაზე მუშაობს ახლა ჩვენი თავდადებული გუნდი:
1. აპლიკაცია
როგორც უკვე შეამჩნიეთ, ჩვენი აპლიკაციის სერვისების ხელმისაწვდომობა ყაზახეთში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინტერნეტის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, Kaspi Travel, ჩემი ბანკი და სახაზინო გადახდები. ეს შესაძლებელი გახდა გაციფრულების სამინისტროსთან და მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობის შედეგად. სამთავრობო უწყებებს მადლობას ვუხდით ოპერატიული მუშაობისთვის. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რჩება სირთულეები უცხოეთიდან აპლიკაციასთან წვდომასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ გაციფრულების სამინისტროსთან და ვიმედოვნებთ, ამ პრობლემასაც უახლოეს პერიოდში გადავჭრით.
2. ბანკომატები
ახლა ჩვენი ამოცანაა ფულით დავტვირთოთ ის ბანკომატები, სადაც ამის ტექნიკური და ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს. ჩვენთვის ეს მთავარ პრიორიტეტად რჩება. თუ გუშინ 24 ბანკომატი დავტვირთეთ, დღეს უკვე 6 ჯერ მეტი — 140 ბანკომატი შევავსეთ 12 ქალაქში. მინდა ყველა ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ბანკომატებთან რიგების დაცვისთვის მადლობა გადავუხადო. .
3. ფილიალები
უკვე დავიწყეთ იმ ფილიალების აღდგენა, სადაც უსაფრთხოდ მუშაობაა შესაძლებელი.
4. Kaspi Travel-ში შეძენილი ავიაბილეთების თანხის დაბრუნება
ჩვენი საყვარელი მომხმარებელებისგან თანხის დაბრუნების 10 000-ზე მეტი მოთხოვნა მივიღეთ. სამწუხაროდ, სტაბილური ინტერნეტის არ არსებობის გამო ავიაკომპანიები თანხის დაბრუნების დაანგარიშებას ოპერატიულად ვერ ახერხებენ. არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ — ყველა ავიაკომპანიის ბილეთის ღირებულება საკუთარი ანგარიშიდან დავაბრუნოთ.
5. Kaspi.kz აპლიკაციის მთავარ გვერდზე განყოფილების “სახელმწიფო ამბების” გაშვება იგეგმება.
დღეს სიახლეების SMS-ით მიღების სერვისი არასტაბილურად მუშაობს. ჩვენ გვსურს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისგან სანდო ინფორმაციის მიღებაში დავეხმაროთ.