აშშ და იაპონია მოსახლეობას ცუნამის შესახებ აფრთხილებენ

შეერთებული შტატები და იაპონია მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ წყნარი ოკეანის სანაპიროებზე გადაადგილებისგან.

BBC წერს, რომ ცუნამის გამომწვევ მიზეზად წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში, ვულკან ჰუნგა ტონგას ამოფრქვევა სახელდება. ტონგას გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ვულკანიდან ამოფრქვეული გაზის, კვამლისა და ფერფლის ფენა ცაში 20 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

იაპონიაში ვარაუდობენ, რომ სანაპიროებზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს მიაღწევს, რაც წყალდიდობებს გამოიწვევს.

ახალ ზელანდიაში, რომელიც ტონგადან 2,300 კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე ,,ძლიერი დინებები და არაპროგნოზირებადი ტალღებია’’ მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში მცხოვრებთათვის, ფიჯის მთავრობამ ევაკუაციის ცენტრები გახსნა, მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ვანუატუზე, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ტასმანიაზეც. სოციალურ ქსელში ტონგაზე მომხდარი ამოფრქვევის შემდეგ, სანაპიროზე წარმოქმნილი ტალღების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.

წყარო: BBC