აშშ-ში „ომიკრონის” გამო მოსწავლეები სკოლაში ვერ დადიან

აშშ-ში „ომიკრონის“ გავრცელების გამო მოსწავლეები სკოლაში ვერ დადიან. გამოცემა Reuters-ის ცნობით, სკოლების ნაწილს არდადეგები გაუხანგრძლივდა, ნაწილი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ნიუ-ჯერსიში, სადაც ბოლო კვირაში COVID-შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქალაქო სკოლის ოლქების უმეტესობამ, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ვირტუალური კლასები შემოიღო.

მიუხედავად კოვიდსიტუაციის გაუარესებისა, ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი ქვეყნის უმსხვილესი სასკოლო სისტემის შეუფერხებლად მუშაობაზე საუბრობს : „ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩვენი შვილებისთვის – სკოლის შენობაა“,- განაცხადა ადამსმა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სკოლა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად რეგულარულად ატარებს COVID-ტესტირებებს. მაგალითად, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში სახელმწიფო სკოლების ყველა თანამშრომელმა და 51 ათასმა მოსწავლემ გაკვეთილზე წასვლამდე ოლქის ვებ-გვერდზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ატვირთოს.