საფრანგეთში პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ჟან კასტექსის, თქმით, ქვეყანაში პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება, თუმცა ვაქცინის საშვის საჭიროება და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში დარჩება.

2 თებერვლიდან სპორტულ მოედნებზე მაყურებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა აღარ იქნება და ადამიანებს ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.

16 თებერვლიდან მოქალაქეებს მოედნებზე, კინოთეატრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში- კვების, ბარებში კი, ფეხზე დგომისას, დალევის უფლება დაუბრუნდებათ. გაიხსნება ღამის კლუბებიც, თუმცა მთავრობას არ დაუკონკრეტებია კლუბებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება თუ არა.

როგორც კასტექსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომდევნო კვირიდან არავაქცინირებული ადამიანები ვერც PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ვერც ვირუსის გადატანის ახალი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტით, რესტორნებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებებში ვეღარ შევლენ. მსგავს ადგილებში მოქალაქეებს მხოლოდ ვაქცინაციის საშვის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ, რომელიც 24 იანვრიდან შევა ძალაში.