უკრაინამ სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.


„მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიასაც ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ – დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.


რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, მოსკოვმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.


უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.