ემანუელ მაკრონიმ რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დამოუკიდებლობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რადგან ეს ქვეყნები კოლექტიურ უსაფრთხოებაში იღებენ მონაწილეობას.
მისი თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„უსაფრთხოების მშენებლობა იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით უნდა მოხდეს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები. მე ვფიქრობ უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე – ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობას იღებენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება და საჭიროა ინტენსიური დისკუსიები.
,,ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს ქაოსი და არასტაბილურობა არ სურთ. ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზირება და დეესკალაციისკენ გადასვლა მოხდეს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონიმ.