ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს COVID-19 ტესტი, რომელსაც შედეგების დამუშავება ოთხ წუთზე ნაკლებ დროში ისეთივე სიზუსტით შეუძლია, როგორც სხვა PCR ტესტებს.
DW-ს ინფორმაციით, ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეაგროვეს ნიმუშები 33 PCR-დადებითი კოვიდინფიცირებული პაციენტისგან, 23 PCR-უარყოფითი პაციენტისგან, ექვსი გრიპის დადებითი პაციენტისგან და 25 ჯანმრთელი მოხალისისგან. ტესტმა ყველა შემთხვევა შეცდომის გარეშე ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა, ამის შესახებ რეცენზირებული კვლევა ჟურნალ Nature Biomedical Engineering-შიც გამოქვეყნდა.
კორონავირუსის გამოსავლენად დღეს ბაზარზე ყველაზე ზუსტი PCR ტესტებია, რომლებსაც მონაცემების დასამუშავებლად რამდენიმე საათი სჭირდება. შემთხვევების გამოსავლენად PCR ტესტები უფრო ზუსტია, ვიდრე ანტიგენის ტესტები, რადგან ისინი უფრო მგრძნობიარეა. დადებითი შედეგის საჩვენებლად ანტიგენის ტესტები ვირუსის უფრო მაღალ კონცენტრაციას საჭიროებს, ვიდრე – PCR ტესტები. რაც ნიშნავს იმას, რომ ანტიგენის შემთხვევაში, ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების ალბათობა მაღალია.