ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა უარყო, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
„არ არსებობს შეჭრა და არ არსებობს ასეთი გეგმები. ჩვენ ეს იმ დოკუმენტებში დავაფიქსირეთ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს ამერიკელ მეგობრებს გადავეცით. რუსეთმა საჯაროდ გადაწყვიტა და გამოაცხადა, რომ მზად არის, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად. რუსეთის ჯარები რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩვენ არავის ვემუქრებით. რატომ ცდილობენ სხვა ქვეყნები თავიანთი გადაწყვეტილებები თავს მოგვახვიონ? კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი საკუთარი ტერიტორიაა. წარმოიდგინეთ, რუსეთმა რომ აშშ-ს მოსთხოვოს, თავისი ძალები ფლორიდაში ან სან-ფრანცისკოში არ განათავსოს?“ – აღნიშნა ანატოლი ანტონოვმა.
აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, მართალია, ლუგანსკი და დონბასი უკრაინის ნაწილია, თუმცა ყირიმი ისედაც რუსეთის ტერიტორიაა.
„ჩვენ არ ვცდილობთ უცხო ქვეყნის ტერიტორიის აღებას. მინდა დავადასტურო, რომ დონბასი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიის პერიმეტრზე გამაღიზიანებელი ფაქტორების დანახვა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გვქონდეს სტაბილური და კარგი ურთიერთობა უკრაინასთან. რაც შეეხება ყირიმს, ყირიმის საკითხი ჩვენთვის დახურულია. ეს რუსეთის ტერიტორიაა და ჩვენ საერთოდ არ გვინდა ამ თემაზე საუბარი“, – აღნიშნა ანატოლი ანტონოვმა.