ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბირთვულ იარაღზე უარის თქმით უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, მაგრამ ახლა აღარც იარაღი აქვთ და აღარც უსაფრთხოება.
,,უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ბირთვულ იარაღზე უარის თქმით. ახლა გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეგ იარაღი, ისევე როგორც არ გვაქვს უსაფრთხოება…მე ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის ორგანიზება საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა. თუ ასეთი შეხვედრა არ გაიმართა ან არ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და 1994 წლის ყველა პაკეტის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.“
ზელენსკის თქმით, ევროპაც უნდა ალაპარაკდეს უკრაინის შესაძლებლობებზე და აჩვენოს რუსეთს, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას.
⚫ ,,უკრაინის რეალურად დასახმარებლად, ჩვენ არ გვჭირდება მუდმივად საუბარი შემოჭრის სავარაუდო თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, 1 მარტს და 31 დეკემბერს. ჩვენ გვჭირდება სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თარიღები/ვადები.
⚫ 8 წლის წინ (ღირსების რევოლუციის დროს) უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა მათგანმა სიცოცხლეც გაწირა. 8 წლის შემდეგაც, უკრაინა მუდმივად რატომ უნდა მოითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას?
⚫ 2014 წლიდან რუსეთი გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება, განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ლაპარაკობდეს და საქმით ამტკიცებდეს, რომ ეს ასე არ არის? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?“
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელებს ნატოსგან მკაფიო პასუხები სჭირდებათ- რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ და სურთ თუ არა რეალურად უკრაინის ნატოში მიღება.
,,გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა. მაგრამ ჯერჯერობით: უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი მიღება, ან თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი მიღება, იყავით გულწრფელი. ღია კარები კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში. ახლა არის საუკეთესო დრო (პასუხის გასაცემად).
მე არ დავასახელებ იმ ქვეყნების სახელებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან როგორც სიტყვით, ასევე კონკრეტიკით (დიდი მადლობა მათ) , იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებს შერცხვებათ. გახსოვდეთ, რომ
უკრაინული არმია იცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას.“