აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები, ვაჭრობა და დაფინანსება აეკრძალებათ.


აღნიშნული განკარგულების მიხედვით, ამერიკას სანქციების დაწესება ნებისმიერი იმ ადამიანისთვის შეეძლება, ვინც ამ ტერიტორიებზე იმუშავებს.


“რუსეთის მხრიდან საერთაშორისო შეთანხმებების ერთგულების დღევანდელი აღმაშფოთებელი დარღვევების საპასუხო დამატებითი ზომები მალე გამოცხადდება. მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ ეს ზომები დაემატება იმ ხისტ და მძიმე ეკონომიკურ სანქციებს, რასაც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვამზადებდით იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.