უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერების შემდეგ, ევროპა 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.
„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა ბრძანება რომ შეჩერდეს Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირება. კარგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდიან“, – წერს მედვედევი.
Bloomberg-ის გამოთვლებით და ბოლო მონაცემებით, ამჟამად ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.
აქამდე კი იგეგმებოდა, რომ გაზსადენით გერმანიას რუსეთიდან ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ევროა. მისი მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და ოქტომბერში მილების გაზით შევსებაც დაიწყო.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბევრი იმუშავა Nord Stream 2-ის პროექტისთვის. გერმანიის გაზმომარაგების 35% ისედაც რუსულ ბუნებრივ აირს უჭირავს. მერკელი იმედოვნებდა, რომ ამ გაზსადენით უფრო მარტივად იქნებოდა შესაძლებელი რუსეთიდან გაზის მიღება პირდაპირ გერმანიაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40% მოდის რუსეთზე. დანარჩენი კი ნორვეგიასა და ალჟირზე.