ბელარუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “პატივისცემითა და გაგებით” ეკიდებიან რუსეთის გადაწყვეტილებას ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
მინსკი რეგიონში დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირსა და აშშ-ს აკისრებს და აღნიშნავს, რომ არაერთხელ განუცხადებია რიგი დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების “დაუფიქრებელი ქცევის” საფრთხეზე.
“ასეთ სიტუაციაში ჩვენ პატივისცემითა და გაგებით ვიღებთ რუსული მხარის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზულად ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიებზე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მინსკს მიაჩნია, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის დარეგულირებისთვის პრიორიტეტი დიპლომატია უნდა იყოს და ოკუპირებული დონბასის საკითხში აპირებს, რუსეთთან მოკავშირეობა გაითვალისწინოს.
“ბელორუსული მხარე თავის შემდგომ ქმედებებში აპირებს ამოვიდეს ყველა მხარის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პრინციპებიდან, რომელიც საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ეხება, ასევე, მოძმე რუსეთთან სტრატეგიული ალიანსიდან და გაითვალისწინოს ვითარების შემდგომი განვითარება”, – ნათქვამია განცხადებაში.