სტოლტენბერგი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრობს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, ისტორიას ახსოვს რუსეთის აგრესიული ქმედებები და სცენარი კვლავაც განმეორდება თუ უკრაინის მოკავშირეები სწორად არ იმოქმედებენ.


„არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგის თქმით, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსეთი აგრესორია, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და აკონტროლებს დონბასის ნაწილს.


„უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და აქვს თავდაცვის უფლება, მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ალიანსის წევრებს რუსეთთან ბევრ რამეზე საუბარი შეუძლიათ, თუმცა არ მოხდება კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, სურთ თუ არა, გახდნენ გახდნენ ნატო-ს წევრები.