რომან გოცირიძე პროვოკაციულ განცხადებას აქვეყნებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, გარშემო დატრიალებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.”

“სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას. ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი.” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ იყო. ჩოგბურთელი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, შემდეგ ავსტრალიის ხელისუფლებას პირველი სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. იგი მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდა. პარასკევს კი მინისტრმა ჰოუკმა მისი ვიზის გაუქმება და ჯოკოვიჩის ქვეყნიდან დეპორტაცია მოითხოვა.