ანალიზი: ვითარება უკრაინაში

31 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • დონეცკის რაიონში მთელი დღის განმავლობაში რუსები აქტიურად ბომბავენ ბახმუტსა და მის მისადგომებს. ამასთან, ბახმუტის კვანძისაკენ წაწევას რუსები სამხრეთიდანაც ცდილობენ და ლუგანსკის რაიონიდანაც. შეტევის ძირითადი მიმართულება კვლავ სოლედარია. ოდნავ უფრო ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ ლისიჩანსკი-სივერსკის მიმართულებით რუსული შეტევა შეჩერებულია. მათ სოფელი ბილოჰორივკას დაკავება კი მოახერხეს რითაც დაასრულეს ლუგანსკის რაიონის კონტროლი, მაგრამ სივერსკისაკენ შეტევის განვითარება უჭირთ. ამ რეალობით სწორედ ბახმუტის მიმართულება რჩება რუსებისათვის ძირითად პრიორიტეტად, რადგან მისი აღების შემთხვევაში არამხოლოდ ჩრდილოეთით ქალაქი კრამატორკისა და სლავიანსკისაკენ გაიხსნება გზები, არამედ დასავლეთით, დონეცკის რაიონის სიღრმეში იქნება შესაძლებელი რუსული ძალების გადასროლა. ამ ეტაპზე რუსები ბახმუტიდან აღმოსავლეთით 4 კილომეტრში იმყოფებიან, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოლედარისაკენ დაახლოებით 8 კილომეტრში, ხოლო სამხრეთით ზაიცევესაკენ 7 კილომეტრში. თუკი რუსებმა ბახმუტამდე მიღწევა შეძლეს (და სავარაუდოდ დიდი მსხვერპლის ფასად შეძლებენ კიდეც) ბრძოლა ქალაქისათვის ძალიან მძიმე იქნება.
  • დღეს სევასტოპოლში სამხედრო-საზეიმო ღონისძიებები უნდა გამართულიყო. თუმცა ქალაქის სამხედრო-საზღვაო ადმინისტრაციული სამმართველოს ნაწილში აფეთქება მოხდა. რუსები აცხადებენ, რომ ქალაქი დრონის მეშვეობით დაიბომბა. შემდეგ ახალი ჩვენება გამოვიდა და აღნიშნეს, რომ თავდასხმა ქალაქის შიგნიდან განხორციელდა. მოგვიანებით კვლავ პირველ ჩვენებას დაუბრუნდნენ რუსები და კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატიღ შეტევაზე ალაპარაკდნენ. რეალურად რთული სათქმელია რა მოხდა, თუმცა ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა და აღარც სევასტოპოლია ომს გადარჩენილი.
  • დღეს უკრაინელებმა ზაპორიჟიას რაიონის საკვანძო ქალაქი მელიტოპოლის აეროპორტი იმ დროს დაბომბეს, როდესაც იქ რუსი სამხედროები ტვირთების ჩამოზიდვას ახორციელებდნენ. უკრაინელთა საარტილერიო იერიშები მთელი რაიონის მიმართულების ძალიან გაზრდილია. ამ ფონზე რუსებმა ზოგიერთი დაკავებული საქალაქო პოზიციიდან სამხედრო ნაწილების მოხსნა და ან ხერსონისაკენ გადასროლა დაიწყეს, ან ზაპორიჟიას რაიონშივე უშუალოდ ფრონტის ხაზისაკენ გადანაცვლებას ახდენენ. როგორც ჩანს რუსები საკუთარ სამხედრო ნაწილებს ამცირებენ ისეთ ოკუპირებულ ქალაქებს როგორებიც ტოკმაკი და პოლოჰია. ორივე მათგანი საკვანძო ქალაქია მელიტოპოლის, ბერდნიანსკისა და უფრო ღრმად, მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ რუსებისათვის ახლა არა საქალაქო გარნიზონების არსებობაა პრიორიტეტული რა, არამედ უშუალოდ საფრონტო ფორტიფიკაციებისა და საცეცხლე პოზიციების მოწყობა ან ხერსონში ან ზაპორიჟიას რაიონის იმ ნაწილში, რომლიდანაც რუსები უკრაინელთა შეტევას ელიან.
  • რუსები ხერსონის დაცვისათვის ემზადებიან. ამის ფონზე მოსახლეობა მანქანებით ტოვებს ხერსონს და უფრო ღრმად მიემართებიან ოკუპირებული რაიონებისაკენ, რათა შემდგომ ზაპორიჟიას რაიონში ან სხვა მიმართულებიდან უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლონ. რუსებმა ქალაქში სანგრების თხრა დაიწყეს და თავდაცვის პოზიციებს ქმნიან. დამატებითი რუსული ეშელონები, რომლებიც ქალაქში მოხვედრას ცდილობენ უკრაინულია არტილერია აქტიურად ბომბავს. მაგრამ, როგორც ჩანს ხერსონი მილიტარიზებულ ზონად გადაიქცევა, თუმცა რუსებს უშუალოდ უკრაინელთა ინტენსიური შეტევის წინ ქალაქის კონტროლი მაინც გაუჭირდებათ, რადგან რაიონში პარტიზანულმა აქტივობებმა ძალიან იმატა, ხოლო რუსული პოზიციები განმეორებითი სარაკეტო ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. იმ ფონზე, რომ დრო (და სეზონი) სულ უკრაინელთა სასარგებლოდ ვერ იმუშავებს (კონტრშეტევის გადადება რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს), სავარაუდოა, რომ აგვისტო ხერსონის გასათავისუფლებლად აქტიურად იქნება გამოყენებული.
  • რუსებმა ძალიან მძიმედ დაბომბეს ხერსონის მომიჯნავე მიკოლაივის რაიონი თავისი ცენტრალური ქალაქით. 40-ზე მეტი რაკეტა ჩავარდა ქალაქში. დაჭრილები და დახოცილები მშვიდობიანი მოსახლეობაა. როგორც ყველა წინა შემთხვევაშიც, ახლაც რეალური სამიზნეები საცხოვრებელი სახლებია. ქალაქის ხელმძღვანელობამ ქალაქის ახლანდელი მდგომარეობა მარიუპოლს შეადარა.
  • დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ბრძოლა ავდიიკასათვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რუსები ძალიან დიდი შემადგენლობით უტევენ ქალაქს თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ამასთან, როგორც გუშინაც აღვნიშნე, უკრაინელთა საპასუხო იერიში რუსული პოზიციების წინააღმდეგ ძალიან აქტიურია.
  • კრემლმა ახალი საზღვაო დოქტრინა ჩამოაყალიბა. ვლადიმერ პუტინმა მთავარ პრიორიტეტად შავი, ბალტიისა და ოხოტის ზღვები, ბერინგის სრუტე და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აუზი დაასახელა. იქვე აღინიშნა, რომ სწორედ ნატოსა და აშშ-საგან მომდინარეობს მთავარი საფრთხე რუსეთისათვის. იმედია ეს გამოწვევა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოღვიძების წინაპირობად მოგვევლინება ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოსათვის, რომელთაც კვლავ სჯერათ, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე მინიმალურია და რომ თითქოს მოსკოვი რაციონალური მოთამაშეა.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.