ანალიზი: ვითარება უკრაინაში

6 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • უკრაინელები დონეცკის რაიონში სამხედრო ობიექტებსა და სარკინიგზო კვანძებზე თავდასხმას აგრძელებენ. დღეს სამიზნედ საარტილერიო დანადგარებით დატვირთული მატარებელი იქცა, რომელიც იარაღის ჩამოტვირთვის დროს იქნა განადგურებული. ამასთან, ქალაქ დონეცკში დაიბომბა ორი სხვადასხვა ქარხანა და ერთი ნავთობტერმინალი. ამ ფონზე არამხოლოდ სეპარატისტებს, არამედ უშუალოდ რუსულ არმიას შეექმნა ამუნიციის დეფიციტი უშუალოდ რაიონის მიმართულებით. ეს ყველაფერი რუსული არმიის შეტევით პოტენციალს მოკლე ვადაში მნიშვნელოვნად დააქვეითებს.
  • რუსული შეტევის ტემპი დავარდა ლუგანსკისა და დონეცკის რაიონების საზღვართანაც. ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ და უკრაინელთა ევაკუაციის პროცესში რუსებს ჰქონდათ სწრაფი შეტევით სივერსკისა და ბახმუტის დაკავების სურვილი, მაგრამ არ გამოვიდა. რუსები ლუგანსკის რაიონში, ჯერ ბილოჰორივკა-სივერსკის გზაზე, შემდეგ კი უშუალოდ ბილოჰორივკასაკენ დაახევინეს უკან. გუშინდელი ბრძოლებისა და საარტილერიო დაბომბვის შემდეგ დღეს რუსებმა სოფელი დატოვეს და მის მისადგომებთან გამაგრდნენ. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ძირითადი შეტევითი მიმართულება ბილოჰორივკა-ჰრიჰორივკა-სივერსკის მონაკვეთი იქნება, თუმცა სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ აშარად გადაჯგუფება და იარაღის რესურსების შევსების პროცესი მიმდინარეობს. ჯერჯერობით ბილოჰორივკა რჩება იმ ერთადერთ დასახლებად, რომელსაც უკრაინელები ლუგანსკის რაიონში კვლავ აკონტროლებენ.
  • უკრაინელებმა რუსული სამიზნეები დაბომბეს ხერსონის რაიონშიც. უშალოდ ქალაქ ხერსონში დაიბომბა იარაღის საწყობი, რომლის აფეთქებამაც გვერდითა საწყობების დაზიანებაც გამოიწვია. თავად ხერსონის რაიონში კი უკრაინელებმა დაბომბეს საპორტო ქალაქ სკადოვსკის სამხედრო საწყობები.
  • უკრაინული არტილერია მაღალი სიზუსტით მუშაობს ზაპორიჟიას რაიონში. აქ რუსული შეტევა შეჩერებულია, მაგრამ ლოგიკური მოლოდინი არსებობს უკრაინელთა კონტრშეტევისა. აქვე აქტიურად მუშაობენ პარტიზანებიც. მიუხედავად ამისა, შეტევითი ოპერაცია არ დაწყებულა. თუმცა როგორც კი მელიტოპოლის გათავისუფლება მოხდება რუსების ყირიმი-დონეცკის დერეფანი პრაქტიკულად ფუნქციას დაკარგავს. ამიტომაა, რომ ხერსონის მიღმა სწორედ ზაპორიჟიას რაიონში არსებობს მაღალი მოლოდინები.

ზოგადი მდგომარეობა: როგორც აღინიშნა ახლა გადაჯგუფება მიმდინარეობს. უკრაინული არტილერია მაღალი სიზუსტით მუშაობს. რუსები კი ფრთოსან რაკეტებს იყენებენ ქალაქების წინააღმდეგ. უშუალოდ მდგომარეობა ტერიტორიების კონტროლთან მიმართებით დღეს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.- აცხადებს მიმომხილველი, გიორგი კობერიძე.