ანალიზი: მიმოხილვა უკრაინაში მიმდინარე პროცესები

17 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • რუსული შეტევა ბახმუტის სამხრეთიდან – სვიტლოდარსკის გავლით – წარმატებით იქნა მოგერიებული. მათ ვერ მოახერხეს ნოვოლუგანსკის დაკავება და შესაბამისად ვუჰლეჰირსკის წყალსაცავის ყველა მხრიდან გარემოცვა. მიუხედავად ამისა, რუსული არტილერია დღეს ამ მიმართულებით კვლავ აქტიური იყო.
  • უკრაინელებმა დააკავეს უკრაინის უშიშროების სამსახურის ყირიმის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ოლეგ კულინიჩი, რომელსაც რუსეთზე მუშობა ედება ბრალად. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და კულინიჩის თანამდებობაზე დამნიშვნელი ივან ბაკანოვია, რომლის გაშვებას ზელენსკი ადრეც გეგმავდა, მაგრამ ზოგიერთი წყაროს ინფორმაციის ამ ამბის მედიაში წინასწარი გამოჟონვის ფონზე მან ამ გადაწყვეტილებისაგან თავი შეიკავა. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება. ზოგადად, ძალიან დიდი აგენტურული ქსელი ჰყავდა რუსეთს ომამდე უკრაინაში. სავარაუდოა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გამოსავლენია.
  • დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის ირგვლივ მძიმე საარტილერიო დუელები კვლავ გრძელდება. უკრაინელებმა ქალაქ დონეცკში კიდევ ორი საწყობი და აზოტის ქარხნის ტერიტორია დაბომბეს. სავარაუდოა, რომ ომამდე რუსებმა ქალაქში 50-ზე მეტი საწყობი მოაწყვეს.

მეორეს მხრივ, რუსები ბომბავენ მარიინკას – ქალაქს, რომელიც არათუ არ დაეცა რუსების ხუთთვიანი იერიშის შემდეგ, არამედ უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე მისი იმ ნაწილის დაბრუნებაც მოხდა, რომელიც 2014 წლიდან აღარ კონტროლდებოდა. მარიინკას წინააღმდეგ ჩართულია რუსული ავიაციაც, რომლებიც აალებად ამუნიციას იყენებენ მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად.

  • უკრაინელები აგრძელებენ საარტილერიო იერიშს ხერსონის მიმართულებით. ამჯერად არამხოლოდ რუსული საწყობებია განადგურებული არამედ იმ ტექნიკის ნაწილიც, რომლებიც რუსებმა ქალაქის დაცვისათვის შეიყვანეს და იქვე განალაგეს.

ამასთან, მდინარის აღმოსავლეთიდან რუსები ბომბავენ ხერსონის რაიონის იმ ნაწილს, რომელთა გათავისუფლებად უკრაინელებმა წინა კვირებში შეძლეს. ამ მიმართულებით დაბომბვის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ პრაქტიკულად მუდმივი გადაადგილების აუცილებლობის პირობა იქმნება.

  • დაუდასტურებელი ინფორმაციით უკრაინაში ჩავიდა ან უმოკლეს ვადაში ჩავა დამატებითი M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელთან შედარებითაც HIMARS სუსტია. M270 12 რაკეტას ისვრის (ნაცვლად 6 რაკეტისა), მუხლუხოს გამოყენებით კი ისეთ ადგილებში შეუძლია გადაადგილება და შეღწევა, რომელშიც HIMARS ვერ ხვდება. განსხვავებულია სროლის მანძილიც. სტანდარტული სარაკეტო შეიარაღებით 32-დან 50 კილომეტრის მანძილზე მოწინააღმდეგეს მაღალი სიზუსტით ანადგურებს, თუმცა თუკი მასში არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემას (ATACMS) ჩადებ მისი სროლის მანძილი 300 კილომეტრამდე იზრდება ხოლო მისი ეფექტი კატასტროფული ხდება.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.