ანალიზი: ნახეთ, თუ როგორ გაზარდა ბრიტანეთმა დახმარება

21 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის დახმარება იზრდება: უკრაინის არსენალი იზრდება L119 ბუქსირებადი არტილერიით. მათი საერთო რაოდენობა 36-ია. მისი სროლის მანძილი 11.5 კილომეტრია. ამას ემატება თვითმავალი 20 M109 თვითმავალი არტილერია, რომლის სროლის მანძილი 21 კილომეტრია, ხოლო სპეციალური მამოძრავებელით 30 კილომეტრსაც კი აღწევს. ამას მოაყოლეს 50 ათასი ჭურვიც.

თუმცა მთავარი ბრიტანული საჩუქარი ჯავშანტრანსპორტიორი Stormer HVM-ია, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარითაა აღჭურვილი. უკრაინელთა ხელში მათი საერთო რაოდენობა ამჯერად, სავარაუდოდ, 6-ია. მათ უკრაინის ცის დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლიათ.

  • ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსული შეტევა შეჩერებულია, რადგან რუსეთი თანდათან იფიტება და ეტაპობრივად ჩნდება შანსი უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყონ რამდენიმე მიმართულებით. მან დაამატა, რომ უკრაინის ომის მოგება სრულიად შესაძლებელია.

ამასთან, მურის განცხადებით არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ პუტინის ჯანმრთელობას რაიმე სერიოზულ პრობლემას ჰქონდეს. ეს ეჭვი ადრეც არსებობდა და ახლა ამ დღეებში გავრცელებული ზოგიერთი კადრიდანაც გაჩნდა.

  • სევასტოპოლში (ყირიმში) საზღვაო ფლოტთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი უკრაინული შესაძლო იერიშის შიშის ფონზე გაუქმდა.
  • ბოლო 48 საათია ყველაზე აქტიური რუსული საარტილერიო იერიში საქალაქო დასახლებებზე ხარკივში, კრამატორსკსა და სლავიანსკში მიმდინარეობს. დღეს ხარკივში სამგზავრო ავტობუსიც დაიბომბა. ათობით მშვიდობიანი მოსახლეობაა დაშავებული და დაღუპული.
  • უკრაინელები აგრძელებენ რუსული პოზიციების დაბომბვას სამხრეთში. ხერსონის რაიონში, ყირიმთან ახლოს კიდევ ერთხელ დაიბომბა საპორტო პოზიციები სკადოვსკში. ამუნიციის საწყობის აფეთქება ძალიან მძლავრი იყო.

არანაკლებ მძლავრია შეტევა ზაპორიჟიას რაიონზეც – მელიტოპოლი და პოლოჰი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ უკრაინული დარტყმების ქვეშ. კვლავ ინტენსიურად იბომბება ქალაქი დონეცკის ირგვლივ განთავსებული საწყობები და სამხედრო ნაწილები.

  • აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინელებს არცერთი HIMARS არ დაუკარგავთ და რუსების ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე არის სრული სიცრუე.
  • მოსკოვში, FSB-ს (ФСБ) ყოფილი გენერალ-მაიორი ევგენი ლობაჩევი საკუთარ სახლში შუბლში ტყვიანაკრავი იპოვეს. უცნობია თვითმკვლელობა იყო ეს თუ მკვლელობა, მაგრამ ასეთი მაღალი რანგის ოფიცრები შემთხვევით იშვიათად კვდებიან.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.