ანალიზი: რა ხდება უკრაინაში?

3 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

  • ბოლო 24 საათია მძიმედ იბომბება რუსული პოზიციები ხერსონის რაიონში. დაიბომბა რუსული სამხედრო შტაბი, რკინიგზა, საწყობები და სხვა. “ჰაიმარსებმა” ხერსონის მიმართულებით მიმავალი რუსული სამხედრო-სარკინიგზო ეშელონები გაანადგურა. ამ ფონზე უკრაინელები ხერსონის რაიონში, დასავლეთის მხრიდან აქტიურ დაწოლას აგრძელებენ რუსული პოზიციების მიმართულებით თუმცა ჯერჯერობით კვლავ მცირე ჯგუფების გამოყენებით.

მიუხედავად ასეთი მძლავრი სარაკეტო იერიშებისა და მცირე ჯგუფებად ეფექტური მოქმედებებისა, უკრაინელებს ჯერაც არ დაუწყიათ ხერსონზე მასშტაბური იერიში. ამ ფონზე კი რუსებმა მდინარე დნეპრზე სამხედრო ხიდები მოაწყვეს ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას საფარად იყენებენ.

  • ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა გეგმა აქვთ რუსებს ხერსონის რაიონის ჩრდილოეთით, დნიპროს რაიონის საზღვართან, თუმცა ბოლო კვირებია ნელ-ნელა, მაგრამ ორგანიზებულად უყრიან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს თავს. თუკი მათი მიზანი უკრაინელთათვის დასწრება და კრივიი რიჰისაკენ (კრივოი როგი) იერიშის დაწყებაა ნაკლებად სავარაუდოა წარმატებას მიაღწიონ და ქალაქი აიღონ. თუკი მათი მიზანი ხერსონზე უკრაინელთა იერიშის პრევენციაა, მაშინ უცნაურია ამ მიმართულების ამორჩევა, რადგან უკრაინელთა პოზიციებიდან ნოვა კახოვკაზე მიდის გზა და არა პირდაპირ ხერსონზე. თუმცა ნებისმიერი ინტენსიური შეტევის წამოწყების შემთხვევაში უკრაინელთა შეტევა ხერსონის მიმართულებით გართულდება.
  • ძალიან დამძიმდა სიტუაცია დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის შემოგარენში. რუსებმა ქალაქის მომიჯნავედ პისკის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდება მოახერხეს. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქის შიგნით. დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, მარიინკა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა, ხოლო დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით ავდიივკა ფლანგებიდან იბომბება. სამივე ქალაქი სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან ფრონტალური ფორტიფიკაციები 2014 წლიდან არსებობს და მათი გარღვევა დონეცკის რაიონში რუსული სამხედრო ნაწილების ღრმად შეღწევის საფრთხეს გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სხვა ხაზებიც არსებობს.

ამ ფონზე უკრაინელებმა დღეს ქალაქი დონეცკის აღმოსავლეთით, მაკიივკაში ნავთობბაზა დაბომბეს. უკრაინელები კვლავ რუსულ ლოჯისტიკას ურტყამენ, რაც სტრატეგიულად სწორია, მაგრამ, ამ მიმართულებით, არა გადამწყვეტი.

  • რუსებს ყირიმში დიდი რაოდენობით დამატებითი ტექნიკა შეჰყავთ. უცნობია ის ყირიმის დაცვისათვისაა გათვლილი თუ შემდგომ ზაპორიჟიას რაიონში ან ხერსონისაკენ იქნება გადასროლილი.
  • ბოლო დღეები ძალიან მაღალი ინტენსივობით იბომბება უკრაინული პოზიციები ხარკივის რაიონში. ამ ფონზე უკრაინულმა ავიაციამ იერიში მიიტანა რუსულ საცეცხლე პოზიციებზე როგორც იზიუმიდან ჩრდილოეთით ისე საზღვართან ახლოს.
  • რუსებმა მარიუპოლში უკრაინული კვალის წაშლა დაიწყეს. დღეს მათ 2014 წელს ომში დაღუპულთა მემორიალი გაანადგურეს.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.