ანალიზი: რა ხდება უკრაინაში?!

2023 წლის 16 მარტის შეჯამება უკრაინაში: საუბრობს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე

  • რუსული სამხედრო საწყობი სავარაუდოდ დრონის დაბომბვის შემდეგ განადგურდა დონეცკის რაიონში, მალოიანისოლის მახლობლად, მარიუპოლსა და ვოლნოვახას შორის. ის რუსული მომარაგების ერთ-ერთი ცენტრი იყო ვუჰლედარის მიმართულებაზე.
  • ზაპორიჟიას რაიონში, აზოვის ზღვის სანაპიროზე ბერდიანსკში სასტუმრო “სვიტლანა” დაიწვა სრულად. როგორც ჩანს სასტუმროში რუსი ოფიცრობა იკრიბებოდა ხოლმე და ხანძარიც მათი იქ ყოფნის პერიოდში გაჩნდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაძლებელია, რომ ხანძარი პარტიზანების მიერ იყოს გაჩენილი.
  • რუსეთში, როსტოვში დონზე ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) შენობა დაიწვა. ხანძარს აფეთქება უძღოდა წინ. რუსების ცნობით დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე, მაგრამ რეალური მონაცემები შეიძლება სხვა იყოს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ უკრაინული უშიშროება რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდეს, როგორც რუსული მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე – გამორიცხული ნამდვილად არ არის, მით უფრო რომ რუსეთში დაკავებები არაერთი ერთი განხორციელდა ამ მიმართულებით.
  • რუსეთში, ბელგოროდის ოლქში უკრაინული საარტილერიო დაბომბვა გრძელდება. წუხელ დაიბომბა უშუალოდ ქალაქ ბელგოროდთან მდებარე საწარმოები და საწყობები, თუმცა რამდენიმე უკრაინული რაკეტის ჩამოგდების მცდელობისას რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან გაშვებული რაკეტები უშუალოდ ქალაქში ცენტრის სიახლოვეს ჩაცვივდა.
  • ბოლო დღეებია უკრაინელები ძალიან მეთოდურად ნადირობენ რუსულ საარტილერიო სისტემებზე. რუსულ რიგებში დანაკარგი საკმაოდ დიდია. უკრაინელები რუსული არტილერიის განეიტრალებასთან ერთად არამხოლოდ საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებენ უკეთ, არამედ კონტრშეტევისას უფრო უსაფრთხოდ მოახერხებენ გადაადგილებას. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამ ომში მსხვერპლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არტილერიის წარმატებით მუშაობაზე მოდის.
  • ბახმუტთან რუსები ძალიან დიდ დაწოლას ახორციელებენ სამხრეთის მიმართულებიდან უშალოდ ქალაქზე, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩასივ იარისაკენ მიმავალი გზის გადაჭრას ცდილობენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია ქალაქიდან ჩრდილოეთითაც, სლავიანსკისაკენ მიმავალ გზაზე. რუსები შეტევის დივერსიფიცირებას ცდილობენ, რათა უკრაინული ნაწილების გაფანტვა მოახდინონ.
  • პოლონეთი უკრაინას ურემონტებს Mig-29 მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს და უგზავნის უკრაინას. ცაში რუსული დომინაცია ისედაც ვერ იქნა მიღწეული და “მიგების” გამოჩენასთან ერთად კიდევ უფრო შეიცვლება სურათი.