ანალიზი: სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკრაინაში

1 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

  • ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედების არეალად დონეცკის რაიონის ბახმუტის მიმართულება რჩება. მას შემდეგ რაც რუსებმა დასახლება პოკროვსკეს აღება მოახერხეს ისინი ქალაქის აღმოსავლეთით, 5 კილომეტრის დაშორებით არიან.

ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქი სოლედარი რუსების ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. შეტევაზე მყოფი რუსული ნაწილები ქალაქის მისადგომებთან გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა რუსების ავანგარდი (მოწინავე ნაწილები) უკუაგდეს, მაინც, სიტუაცია ჯერაც არაა სტაბილური.

ბახმუტის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კვლავ მძიმე ბრძოლა გრძელდება M03 მაგისტრალური გზის მონაკვეთსა და ზაიცევეს მისადგომებთან. ამ ეტაპზე რუსები ქალაქი ბახმუტს რკალისებრ ალყაში მოქცევას ცდილობენ რასაც საარტილერიო იერიშებიც ემატებამას შემდეგ რაც რუსებმა ლუგანსკის რაიონიდან დონეცკის რაიონში, ქალაქ სივერსკზე შეტევის სწრაფი განვითარება ვერ შეძლეს მისი და ქალაქის შემოგარენის დაბომბვა დაიწყეს. დღესაც, მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა როგორც უშუალოდ ქალაქი სივერსკი ისე მშვიდობიანი დასახლებები და ფერმები მის ირგვლივ. უკრაინელები ამ მიმართულებით პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ, მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსული ნაწილები სივერკისა და ბახმუტის მიმართულებითაა კონცენტრირებული და კოლოსალური დაწოლა ხდება მათ წინააღმდეგ, არაა გამორიცხული მოსახლეობის სრული ევაკუაციის ფონზე სწორედ ურბანული ბრძოლა ამჯობინონ უკრაინელებმა და იქ გაამაგრონ თავიანთი პოზიციები. ცხადია, რომ ურბანული სივრცეში რუსების ყველა შეტევითი პოტენციალი შესუსტდება.

დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ რუსული შეტევა პინსკისა და ავდიივკას მიმართულებით ჩავარდა. უკრაინელებმა სრულიად გაწმინდეს ის ტერიტორია, რომელზეც რუსებმა წინა სამი დღის განმავლობაში აგრესიული შეტევის შედეგად შეღწევა მოახერხეს.

დღეს ოდესის პორტიდან ხორბლით დატვირთული პირველი ხომალდი გავიდა. რეალურად, ერთი კვირის წინ რუსეთის მხრიდან ოდესის პორტის დაბომბა სიგნალი იყო თურქეთისა და დასავლეთისათვის, რომ რუსეთი როდესაც საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაარღვევს შეთანხმებას და პირიქით, როდესაც საჭიროდ ჩათვლის მაშინ კეთილი ნების ძალად მოგვევლინება. ესაა აგრესორის ტიპური ქმედება და დაშინების მცდელობა.- წერს მიმომხილველი გიორგი კობერიძე.