ანალიზი: უკრაინაში მიმდინარე პროცესები

8 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • გამთენიიდან მოყოლებული უკრაინელები რუსულ პოზიციებს განმეორებითად ბომბავენ დონეცკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის რაიონებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დონეცკის რაიონში შახტარსკის დაბომბვა, სადაც რუსები 2014 წლიდან სპეციალურ სამხედრო საწყობებს ქმნიდნენ სეპარატისტებისა და საკუთარი რეგულარული ჯარისათვის.

ხერსონის რაიონში დიდი საარტილერიო იერიში იქნა მიტანილი ნოვა კახოვკაზე, სადაც რამდენიმე სამხედრო ობიექტი და ცენტრი იქნა განადგურებული.

ზაპორიჟიაში კი სამიზნედ კვლავ მელიტოპოლი იქცა, რომლის სატრანსპორტო კვანძი, სამხედრო ბაზა და ასაფრენი ბილიკი პრაქტიკულად სრულიადაა განადგურებული. ბოლო ერთ კვირაში საარტილერიო და სარაკეტო იერიშებს მელიტოპოლში არა ათობით, არამედ 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

  • კვლავ ბევრი დივერსანტი და კოლაბორაციონისტი მუშაობს უკრაინაში რუსების მხარეს. დღეს მიკოლაივში დაიჭირეს აგენტი, რომელიც სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტების შესახებ რუსებს აწვდიდა ინფორმაციასა და კოორდინატორებს, ხოლო აცდენის შემთხვევაში კორექტირებას ახორციელებდა. დღესვე დააკავეს დეზინფორმაციის გამავრცელებელი უკრაინელი კოლაბორაციონისტი ქალაქ ხარკივში, რომელიც მოსახლეობაში განგებ თესავდა პანიკას და ქმნიდა დემორალიზებას.
  • უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს სვიჩბლეიდების – თვითგანადგურებადი დრონების – გამოყენება. სამიზნეები როგორც სამხედრო ტექნიკა ისე სამხედროთა შეჯგუფებებია, განსაკუთრებით კი სანგრების მიმართულებით. გარდა მისი გამანადგურებელი ეფექტისა მას აქვს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა საბრძოლო ოპერაციებისას. რა თქმა უნდა, თვითგამანადგურებელ დრონებს ის მასშტაბი და ის ეფექტი ვერ იქნება (ამ ეტაპზე მაინც), რაც ყარაბაღში პირველ დღეებში ვნახეთ, მაგრამ მნიშვნელოვან ლოკალურ მიმართულებებს ნამდვილად ძალიან დიდ კვალს დაატყობს.
  • რუსებმა ლისიჩანსკში სამხედრო გამოფენა მოაწყვეს. გამოფენას დაახლოებით 200-მდე ადგილზე დარჩენილი მოქალაქე დაესწრო. საბოლოოდ ქალაქში იმაზე ცოტა ადამიანი დარჩა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. 120 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა ომამდე ქალაქში, ახლა 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ლისიჩანსკში რუსებმა ტექნიკა გამოფინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ტექნიკა ნაალაფარია, თუმცა იმ ფონზე, რომ უკრაინელებმა ევაკუაცია ორგანიზებულად, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად განახორციელეს, გამოფენილი ყველა ტექნიკის უკრაინულად წარმოჩენა რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სათუოა, მით უფრო რომ მძიმე ტექნიკა ამ მიმართულებით ძალიან დეფიციტური ჰქონდათ უკრაინელებს და სევეროდონეცკიდან გამოსვლის შემდეგ ლისიჩანსკში მათი (ფუნქციონირების შემთხვევაში) მასშტაბური მიტოვება ნაკლებ დასაჯერებელია.

მიუხედავად ამისა, გამოფენილი ტექნიკიდან ნაწილი ნამდვილად ჰგავს უკრაინულს, მაგრამ მრავლადაა ისეთებიც, რომლებიც ამ მიმართულებით არ გამოიყენებოდა და სავარაუდოდ რუსებმა საკუთარი დაამატეს და უკრაინულად წარმოაჩინეს. რომ შევაჯამოთ, ძირითად ნაალაფარ ტექნიკაში სატრანსპორტო და ქვეითთა საბრძოლო მანქანები იყო წარმოდგენილი. ამ ომის მასშტაბებისა და დინამიკის ფონზე კი მსგავსი ტექნიკის დაახლოებით 10-10 ერთეულის დაკარგვა არანაირად არ ცვლის რეალობას.

  • დღეს ტყვეები გაიცვალა ზაპორიჟიას რაიონში. ზუსტად ცნობილი არაა რაოდენობა, მაგრამ სავარაუდოდ 100-100 სამხედროზეა.
  • უკრაინელებს მობილიზებული ჰყავთ მილიონამდე სამხედრო, რომელთაგანაც დაახლოებით 350 ათასი საბრძოლო მოქმედებებშია ჩაბმული. დანარჩენი კი ან ახლა გადის წვრთნებსა და გადამზადებას ან ბელორუსის საზღვარს ამაგრებენ. მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელებს რიცხობრივი უპირატესობა ან თანაფარდობა აქვთ რუსებთან. მომავალში კი ეს ციფრი უკრაინელთა სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს.
  • დღეს პრეზიდენტი ზელენსკი დნიპროპეტროვსკის რაიონში ჩავიდა, შეაფასა სამხედრო სიტუაცია, დააჯილდოვა მებრძოლები და დასახა სამომავლო გეგმები.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.