ანალიზი: უკრაინაში მიმდინარე პროცესები

13 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

  • წუხელ უკრაინელებმა დაბომბეს ქალაქ ლუგანსკის გარეუბანში არსებული რუსული ბაზა და სამხედრო საწყობი. საინტერესო ისაა, რომ საბრძოლო მოქმედების ხაზიდან ლუგანსკის აღნიშნული პოზიცია დაახლოებით 85 კილომეტრითაა დაშორებული. რთული სათქმელია რისი მეშვეობით განხორციელდა იერიშის მიტანა, მაგრამ ნათელია, რომ ან უკრაინელები ძალიან თავისუფლად იყენებენ თავიანთ “ტოჩკა უ”-ს რეზერვებს ან მათი არტილერია ისვრის შორეული დამიზნების რაკეტებსა და ჭურვებს. ორივე შემთხვევაში რუსების ყოფნა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღარაა უსაფრთხო.
  • წუხელ უკრაინელებმა ხერსონზე საავიაციო იერიშიც მიიტანეს. დაიბომბა რუსული პოზიციები. ამას უკრაინელთა მხრიდან ხერსონში, დაუზუსტებელ ადგილას სპეცოპერაცია მოჰყვა, რასაც რუსების მიერ დატყვევებული უკრაინელთა გამოხსნა მოჰყვა. დილით კი ხერსონის ერთ-ერთ ანძაზე უკრაინული დროშა დახვდათ გადმოკიდებული. უკრაინული სპეციალური რაზმები და პარტიზანები აქტიურად მოქმედებენ ხერსონის მთელი რაიონის მასშტაბით, განსაკუთრებით კი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. ეს ყველაფერი კი რუსულ კონტროლს ძალიან მყიფეს ხდის, რასაც მათზე ფსიქოლოგიური წნეხის არსებობაც ემატება – ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსების ქალაქიდან განდევნის ოპერაციაში ფიზიკურად თუ მორალურად ჩაებმება იმ წუთასვე, როგორც კი უკრაინული სამხედრო ნაწილები ქალაქის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან.
  • დონეცკის რაიონში რუსები აგრძელებენ აქტიურ საარტილერიო იერიშებს. ისინი საბრძოლო მოქმედებების მთელ პერიმეტრს ბომბავენ. ამასთან, დღეს რუსებმა იზიუმი-დოლინა-სლავიანსკის მონაკვეთზე შეტევა სცადეს, რასაც წინ საარტილერიო იერიში უძღოდა, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელებმა მათი შეჩერება მოახერხეს. დოლინას დაცვა უკრაინელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორია კარგადაა გამაგრებული, რასაც ბუნებრივი ბარიერების არსებოც ემატება – დასავლეთით ტბებია, აღმოსავლეთით მდინარე დონეცი, ტყე და ჭაობი. დოლინას აღების შემთხვევაში რუსებს სლავიანსკის მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდება, რადგან მათ შორის დიდი ტყიანი მასივი და 18 კილომეტრიანი დაშორებაა, მაგრამ ქალაქზე საარტილერიო შეტევა რუსებისათვის ბევრად ადვილი გახდება. დღეის მდგომარეობით უკრაინელები ართმევენ თავს რუსულ შეტევას.
  • საღამოს უკრაინელებმა დონეცკის რაიონში სიდიდითა და სტრატეგიული მნიშვნელობით გამორჩეული ქალაქი ჰორლივკას სამხედრო ნაწილები დაბომბეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ომის განმავლობაში უკრაინელებმა ქალაქიდან დაწყებული ყველა შეტევის მოგერიება შეძლეს და საპირისპიროდაც კი უქმნიან საფრთხეს რუსულ პოზიციებს. 2014 წლიდან ქალაქი რუსების ხელშია, თუმცა დასავლეთიდან უკრაინელები არიან მომდგარი.
  • კალინინგრადის მიმართულებით ლიეტუვა რუსულ ტვირთებს კვლავ არ ატარებს. გერმანიის მხრიდან კი ოფიციალურ ვილნიუსზე ზეწოლა გრძელდება. მათი განმარტებით რუსული ტვირთები (იარაღის გარდა) რკინიგზით შესაძლებელია გატარდეს. ლიეტუვას მხრიდან კომენტარი არ კეთდება, თუმცა რადგან რუსეთს სანქციები ადევს გერმანიის გავლით ევროკომისიის მხრიდან ზეწოლა ლიეტუვაზე რთული სათქმელია რა შედეგებს მოიტანს.

ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.