ანალიზი: უკრაინაში მიმდინარე პროცესები

30 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

  • 24 თებერვალს, როდესაც რუსებმა შავი ზღვის კუნძული ზმეინი ხელში ჩაიგდეს რუსულ მედიასა და პოლიტიკურ კომენტატორებში დიდი ზეიმი იყო. დუგინის – პრო-რუსული ძალების ერთ-ერთი საყვარელი პოლიტიკური ანალიტიკოსის – მიერ განცხადებაც გაკეთდა და აღინიშნა, რომ ზმეინი რუსული სამხედრო-პოლიტიკური ისტორიისა და კულტურისათვის სულიერი მნიშვნელობისა იყო და ამით შავი ზღვის რუსულ ტბად გადაქცევის პროცესიც შეუქცევადად წარიმართებოდა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა უკრაინელთა იერიში კუნძულ ზმეინზე განთავსებული რუსული სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის წინააღმდეგ. ეს იყო გაგრძელება ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული პროცესისა, რომლის დროსაც რუსები ათობით სამხედროსა და ძვირფას ტექნიკას, მათ შორის ხომალდებსა და სამხედრო კატერებს კარგავდნენ ზმეინის შენარჩუნების პროცესში.

კუნძული, რომელიც ხმელეთიდან 35 კილომეტრში მდებარეობს ოდესის ბლოკადისათვის იყო განკუთვნილი. ამასთან, ზმეინი შესაძლოა გამხდარიყო ერთგვარი სამხედრო პლაცდარმი სადესანტო ექსპედიციებისათვისაც. ამ ფონზე, წუხელ უკრაინელთა საარტილერიო იერიში განსაკუთრებული ინტენსივობით განახლდა კუნძულის წინააღმდეგ, რომელსაც როგორც “კეისრების” და “კრაბების” ისე “ბოჰდანას” მეშვეობით ბომბავდნენ უკრაინელები.

დღეს, უკრაინელთა თანმიმდევრული და გამანადგურებელი შეტევის ფონზე, რუსებმა იძულებითი ევაკუაცია განახორციელეს კუნძულიდან. ზმეინი თავისუფალია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საფრთხე ოდესასა და მის რაიონზე მოხსნილია. რუსებმა ზმეინისათვის ბრძოლაში უზარმაზარი სამხედრო და რეპუტაციული ზარალი მიიღეს. ზმეინის გათავისუფლება უკრაინელთა მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

  • რუსული საზღვაო-სადესანტო ხომალდი მარიუპოლთან ახლოს საზღვაო ნაღმზე აფეთქდა და ჩაიძირა.
  • მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ლუგანსკის რაიონში, ლისიჩანსკის მისადგომებთან. ამ ეტაპზე, სამხედრო მოქმედებების ყველაზე აქტიური ფაზა ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გრძელდება. ამასთან, რუსებმა დაიწყეს სივერსკი-ლისიჩანსკის საგზაო მონაკვეთის საარტილერიო და საავიაციო იერიში. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა გადაჭრეს, მაგისტრალის დიდი ნაწილი კვლავ უკრაინელთა ხელშია, თუმცა ამ ეტაპზე საეჭვოა ამ გზის გამოყენება როგორმე მოხდეს მათი მხრიდან. ახლა უკვე სწორედ სივერსკი-ლისიჩანსკის გზაა როგორც მომარაგების არტერია, ისე პოტენციური საევაკუაციო ხაზი უკრაინელთათვის. ბრიტანელი ჟურნალისტები, რომლებიც ლისიჩანსკში იმყოფებოდნენ აღნიშნავენ, რომ ქალაქი ძალიან კარგადაა გამაგრებული და სამხედროებს მისი დაცვის მოტივაცია აქვთ, თუმცა თუკი ევაკუაციის ბრძანება მოვიდა ისინი დატოვებენ ლისიჩანსკს და გამაგრდებიან უფრო უსაფრთხო პოზიციებზე, სავარაუდოდ ბახმუტის სიახლოვეს. სავარაუდოა, რომ ევაკუაცია მართლაც განხორციელდება. თუმცა, ამასთან, სიუჟეტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ქალაქში და მის შემოგარენში უკრაინელებს ძალიან კარგი ბუნკერული ქსელი აქვთ რომელთა გამოყენება მულტიფუნქციურადაც შეიძლება.
  • ხერსონის მიმართულებით, დნიპროს რაიონის მხრიდან განახლდა უკრაინელთა შეტევა. ამჯერად მათ დასახლება პოტიომკინე გაათავისუფლეს სრულად. ზოგადად, ხერსონის რაიონის დიდი ნაწილი მდელო და სტეპია. შესაბამისად, აქ დასახლებიდან დასახლებამდე ტერიტორია უკონტროლოა. პირველ მსოფლიო ომში ძალიან პოპულარული გახდა ტერმინი “No man’s land” რომელიც გამოხატავდა ტერიტორიას, რომელიც მოწინააღმდეგე სამხედრო ძალებს შორის იყო მოქცეული, თუმცა ვერავის მიერ კონტროლდებოდა, რადგან მისი კონტროლი რელიეფური და სამხედრო პირობების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო. ახლა სწორედ ასეა უკრაინელებსა და რუსებს შორის. პრაქტიკულად No man’s land იმდენად დიდი, გაშლილი და დაუსახლებელია, რომ იქ დიდი კონტრშეტევის წამოწყების გარეშე მისი დაკავება და კონტროლი შეუძლებელი იქნება. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგის ყველა საარტილერიო ჭურვი თუ დრონიდან ნასროლი რაკეტა სამიზნედ გაქცევს. ამ ტერიტორიის გადალახვას მაშინ ექნება აზრი, თუკი დიდ დასახლებამდე ჩავლენ უკრაინელები. ასეთი კი რეალურად ხერსონი და მისი შემოგარენია.
  • ბრიტანელებმა დაიწყეს უკრაინელთა წვრთნა უშალოდ ინგლისის ტერიტორიაზე. 500-მდე უკრაინელი იწვრთნება როგორც საარტილერიო დანადგარებზე ისე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე და მძიმე ტექნიკაზე. მათი გადამზადება ნიშნავს, რომ კურსგავლილები არამხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს მიეშველებიან ფრონტზე, არამედ თავად იქცევიან ინსტრუქტორებად დანარჩენი უკრაინული სამხედრო ნაწილებისათვის. ამასთან, ყველა ტექნიკა, რომელსაც აითვისებენ უკრაინელები მალე უკრაინაშივე აღმოჩნდება. ბრიტანეთის მიერ კიდევ დამატებით მიწოდებული 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი უკვე ხმარდება უკრაინის გადაიარაღებას და ეს მხოლოდ დასაწყისია.
  • საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ 6 “კეისარს” გადასცემს უკრაინას. ამას დაემატება მძიმე ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები. ფრანგული შეიარაღება ძალიან კარგად მუშაობს ამ ომში. შეარაღების გადაცემა დაანონსდა იტალიის მხრიდანაც.
  • პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მას ომის დასრულება შობამდე – 25 დეკემბრამდე – სრული გამარჯვებით უნდა. იმ ფონზე, რომ ნატო რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად სახავს ეს სრულიადაც არ არის წარმოუდგენელი.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.