როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ რუსთავში მაჟორიტარობის შუალედური არჩევნები ძალიან მალე უნდა ჩატარდეს, სადაც “ლელოს”- ერთ- ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იღებს მონაწილეობას. ცხადია ეს არის კარგი შანსი ოპოზიციურად დაკომპლექტებულ საკრებულოსთან ერთად მაჟორიტარიც ოპოზიციონერი იყოს. სალომე სამადაშვილი და გია ხუხაშვილი გამოეხმაურნენ ამ ფაქტს.
ექსპერტი ხუხაშვილი ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი რთული მოსაძებნია და ხაზი გაუსვა ოცნების პოლიტიკურ არასწორ გადაწყვეტილებას მისადმი მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.
“რუსთავის მაჟორიტარული არჩევნები არ იქნება უბრალოდ რიგითი არჩევნები, ეს არის ჩვენი ბრძოლა იმისთვის, რომ გადავტეხოთ ის რეჟიმი, რომელმაც სრულად მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, რომ უზურპაცია მოახდინა პოლიტიკური ძალაუფლების. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და გაგრძელდება ეს კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიცია მოახდენს კონსოლიდაციას, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ეს იქნება არა „ლელოს“ ან ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება, მნიშვნელოვანია ხალხმა მიაღწიოს დემოკრატიულ გამარჯვებას. ამიტომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება რუსთავის მაჟორიტარულ არჩევნებზე. გვქონდა წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ჩვენი განწყობა არის, რომ უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო და ჩვენი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ივანისვილის დამარცხება დღეს რუსთავში არის საწინდარი ამ ხელისუფლების ჩამოშლის და დემოკრატიის გამარჯვების ქვეყანაში,“ – განაცხადა სამადაშვილმა.