ბატიაშვილი: ახლა ვნახავთ უკრაინის კონტრ-შეტევებს

დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად, ახლა დავინახავთ უკრაინის კონტრშეტევას, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს მასიური შეტევის განსახორციელებლად საჭირო მარაგები უკვე ამოეწურა.

„ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მოგეხსენებათ, იარაღი პარტია-პარტია ჩადიოდა უკრაინაში და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს, დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რაც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად და დავინახავთ კონტრშეტევას. თუ აქამდე რუსების შეტევებს ვხედავდით, რუსების მარაგები, მათ შორის ადამიანური, შეტევისთვის ამოუწურა. რუსებმა პაუზა გამოაცხადეს კიდეც, ეს არის რეალობის ასახვა. მათ აღარ შეუძლიათ შემდგომი შეტევების განხორციელება. შეტაკებები ახლაც ხდება, თუმცა მასიური შეტევები, რომელსაც ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში ვხედავდით, აღარ ხდება. ეს მარაგები ამოწურეს და თუ არ გამოაცხადეს მობილიზაცია, რაც ბევრ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ ამოეწურათ შეტევის საშუალება. ახლა რუსეთი რამდენიმე დღე გაჩერდება და უკრაინამ გამოაცხადა, რომ იწყებს კონტრშეტევის განხორციელებას, რათა დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა მას ჰქონდეს გარე სამყაროსთან კავშირი და პორტები აამუშაოს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.