გვარამიას მოსამართლე განცხადებას ავრცელებს

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს:

“მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?
აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

რა თქმა უნდა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).