Foreign Policy council – ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კობერიძემ საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა:
“
უკრაინის კრიზისი არ დასრულებულა და მიუხედავად კრემლის განცხადებისა თითქოს რუსულმა არმიამ დაიწყო მუდმივი დისლოკაციის ადგილას დაბუნება, ფაქტია რომ დანაყოფები კვლავ საბრძოლო პოზიციებზე იმყოფებიან.
თუმცა რამდენიმე შეჯამება შეიძლება წარმოვადგინოთ:
- ამ კრიზისით რუსეთმა ძალიან დიდი რეპუტაციული რისკი შეუქმნა საკუთარ თავს. იგი ნატოს გაფართოების შეწყვეტას და მეტიც, 1997 წლის მდგომარეობის დეფაქტო აღდგენის სურვილი ჰქონდა. ნაცვლად ამისა არამხოლოდ ნატოს გაფართოება დაბრუნდა დღის წესრიგში – რომელიც აქამდე მთავარ თემად საერთოდ არ იყო წარმოდგენილი – არამედ შექმნა პოტენციური საფუძველი ახალი ალიანების დაარსებისათვის; ამასთან, მეორე მოთხოვნა მინსკის შეთანხმების აღსრულების შესახებ (რაც უკრაინის ფრაგმენტაციის საფრთხეს წარმოადგენდა) არათუ აზრდაკარგულად იქცა არამედ საუბარიც კი აღარაა მასზე.
- თუკი რუსეთი უკან დაიხევს მისი რეპუტაციული რისკი რეალობად იქცევა. რუსულ მოსახლეობას შეიძლება დააჯეროს კრემლმა რომ მათ დიდი ომი აირიდეს თავიდან და უკრაინული აგრესია აღკვეთეს, მაგრამ ყველა სხვა პოლიტიკური აქტორის თვალში ეს იქნება უკან დახევა მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად. ამასტან რუბლმა კიდევ უფრო დიდი ვარდნა განიცადა, ვიდრე კრიზისის დასაწყისამდე იყო.
- უკრაინას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიადგა აღნიშნული კრიზისისაგან. თუმცა მას რამდენიმე მილიარდიანი დახმარება გამოუყო ევროკავშირმა და აშშ-მ, რაც გრძელვადიანად მას ამ სირთულიდან ამოიყვნას.
- უკრაინა ახლა თანამედროვე იარაღით ბევრად უფრო კარგადაა აღჭურვილი ვიდრე ოდესმე. ამ კრიზისამდე უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება პრობლემურ და ტაბუდადებულ თემას წარმოადგენდა რიგ დასავლურ სახელმწიფოში. კრიზისისას კი იარაღით აღჭურვა ლამის მოვალეობად გადაიქცა. კრემლის ხისტი მოქმედებები დასავლეთმა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა უკრაინის, როგორც რუსეთის შემაკავებელი ერთ-ერთი ღერძის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით დრო უკრაინაზე მოქმედებს.
- უკრაინა პოლიტიკურად ბევრად უფრო კონსოლიდირებულია ვიდრე ოდესმე. ამ კრიზისმა უკრაინელი ერი კიდევ უფრო შეკავშირებული გახადა და უკრაინულმა ენამ ყველა სფეროში ჩაანაცვლა რუსული. ამ კრიზისისას უკრაინული “ფლეობოიც” კი პირველად გამოვიდა სრულად უკრაინულად, ნაცვლად რუსულისა.
- კრიზისიდან ყველაზე კარგად კოლექტიური დასავლეთი გამოდის. მათ არათუ მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებს აჩვენეს კონსოლიდაცია არამედ უზარმაზარი საინფორმაციო კამპანიით დააფრთხეს რუსული პროვოკაციების საფრთხე, რის შედგეგადაც რუსეთი უკრაინას დაადანაშაულებდა ომის წამოწყებაში. დღეს რაც არ უნდა მოხდეს უკრაინის ჰიპოთეტურ ბრალეულობასაც კი აღარავინ დაიჯერებს და ყველა ქმედების უკან რუსული წყარო იქნება შესამჩნევი.
ცალკეულ სახელმწიფოებზე თუ მიდგა საქმე დიდი ბრიტანეთი ყველაზე კარგად წარმოდგინდა, გერმანია შედარებით ცუდად. მაგრამ კოლექტიური დასავლეთის ცნება მყარად დგას და გამოჩნდა, რომ ჩვენი და უკრაინის სუვერენული არჩევანი დასავლეთისაკენ აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.
და ბოლოს, თორნიკე შარაშენიძე-ს დავეთანხმები, რომ უკრაინისათვის ფრონტი ორია: საგარეო – რუსეთი, საშინაო – კორუფცია. თუკი მან ეს დაძლია რუსეთს არანაკლებ უნდა ეშინოდეს უკრაინული პოტენციალისა და შემდგარი სახელმწიფოს, ვიდრე პირიქით.”