დეპუტატები: რეზოლუცია “ოცნების” წინააღმდეგ

“ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი;

ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში;

ვემიჯნებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში – თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან.