1992 წელს გურამ გაბესკირია გახდა სოხუმის მერი და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: „არასდროს ჩემს სიცოცხლეში!“ (რუს. Никогда в жизни!).
ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. 2005 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა თბილისისარტ-გალერეაში მოაწყო მის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებული ფოტომასალების გამოფენა, სადაც გურამ გაბესკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ ცხედრებს (ჟიული შარტავასა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად) შორის ამოიცნო მამამისი, რომელიც აშკარად ჩანს ერთ-ერთ ფოტოსურათზე.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი — საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.