ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და მოთხოვნილია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, მას პერსონალური სანქციები დაუწესოს.
ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით დებატები 15 თებერვალს გაიმართება. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის, როლს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებში.
ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), მეორის კი ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.
EPP მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ევროპის საბჭოს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.