ეკა გიგაური: თუ პრეზიდენტის მიერ წამოყენებული პროცესი დღევანდელ პრობლემებს არ დაემხარება, მონაწილეობას არ მივიღებთ

“საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარის ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. გვაქვს პრობლემები დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. მართლმსაჯულებაში არის ბევრი პრობლემა, ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზეპარტიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გამოვლენ კონკრეტული, მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს მოაგვარებენ ან ყოველ შემთხვევაში, მცდელობა იქნება, რომ დღევანდელი პრობლემები მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წარსულის შეფასება, ესეც არის პროცესი, თუმცა თუ ეს პროცესი არ დაეხმარება დღევანდელ პრობლემებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ როლი აქ არ იქნება წარმოდგენილი. დღეს რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ. მოლოდინი ეს არის და კიდევ ვის მოეწონება ან არ მოეწონება, ეს უნდა იყოს ზეპარტიული რამ, რაც კიდვ ერთხელ დაეხმარება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების საკითხს, მოლოდინები პრეზიდენტის მხრიდან იყო, რომ კონკრეტულ კანონპროექტებზე ვეტო დაედო. კი, მას შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მე მის ადგილზე ვეტოს დავადებდი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან არასწორი იყო.