ვითარება უკრაინაში

7 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

  • ხერსონის რაიონში უკრაინულმა შვეულმფრენებმა რუსულ სამხედრო ნაწილებზე იერიში მიიტანეს. დაიბომბა რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვის ზღუდეც მიკოლაივი-ხერსონის გზაზე, რასაც უკრაინელი ქვეითების შეტევა მოჰყვა. უკრაინელებმა შეძლეს და ბლაჰოდანტესთან თავდაცვის რუსული ზღუდე გაარღვიეს და კისელივკას მიადგნენ, თუმცა ფლანგები სრულად დაცული არ არის, რის გამოც შეტევის გასავითარებლად გაშლა იქნება აუცილებელი. ხერსონის რაიონში უკრაინელები საკმაოდ ნელა, თუმცა ორგანიზებულად მიიწევენ წინ.

ამასთან, დღესვე რუსებს ჰქონდათ კონტრშეტევის მცდელობა მდინარე ინჰულენცის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით, თუმცა როგორც ჩანს უკრაინელები ელოდნენ ამ მანევრს და მათი შეტევა მოიგერიეს.

დღესვე დაიბომბა უშუალოდ ქალაქი ხერსონის ის მიდამოც, სადაც რუსული სამხედროები იყვნენ განთავსებულნი.

  • ბოლო 24 საათია რუსები ინტენსიურად ბომბავენ იზიუმი-სლავიანსკის მაგისტრალს დონეცკის რაიონში. ზოგადად რუსული სტრატეგია საარტილერიო დამუშავება და შემდგომ შეტევის წამოწყებაა. როგორც კი რამდენიმე მიმართულებით საარტილერიო იერიში შეწყდა მართლაც დაიძრა რუსული ნაწილები უკრაინული პოზიციებისაკენ M03 გზის გასწვრივ, თუმცა ამ შემთხვევაში რელიეფი უკრაინელებისათვის უფრო სასარგებლოა, რადგან ტყიან მასივში რუსებს თავისუფლად გადაადგილება უჭირთ და ადვილად ხვდებიან ჩასაფრებაში. ამ ეტაპზე უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.

ამასთან, რუსებს კვლავ მოსდით შევსება ამ მიმართულებით, რაც მომდევნო დღეების განმავლობაში სლავიანსკის მაგისტრალის გააქტიურებაზე მიუთითებს. უკრაინელებს საკმარისი დრო ჰქონდათ პოზიციების გასამყარებლად, რაც ქალაქისაკენ მიმავალი გზის დაცვას სრულიად შესაძლებელს გახდის.

ლიმანიდან სლავიანსკისაკენ მიმავალი ხიდები და გზები უკრაინელთა მიერ განადგურებულია. რუსებს კი მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვა ადვილად ნამდვილად ვერ შეეძლებათ.

  • ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბახმუტი-ლისიჩანსკის მონაკვეთზე რჩება. რუსებმა დღეს უკვე ორჯერ სცადეს ბერესტოვეს აღება და გზის გადაკეტვა. უკრაინელებმა მათი შეტევა ორჯერვე მოიგერიეს. ამ ეტაპზე აღნიშნული გზა თავის ფუნქციას დიდი შეფერხებებით მაინც ასრულებს.
  • კვლავ ძალიან მწვავეა სიტუაცია პოპასნაიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, კომიშუვახა-ზოლოტეს მონაკვეთზე, სადაც რუსებს უკრაინელების ალყაში მოქცევა და ლისიჩანსკისაკენ გზის შეუფერხებლად გაჭრა სურთ. უკრაინელები პრაქტიკულად წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ნაწილებს ამ მიმართულებით – გამოფიტვის შანსი ორივე მხარისათვის რეალურია.
  • ქალაქი ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ლუგანის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება რუსულ შემტევ ნაწილებსა და უკრაინელ მცველებს შორის, რომლებიც ბუნებრივი თავდაცვის ზღუდის არარსების პირობებში გზის გასწვრივ არიან გამაგრებულები. რეალურად რუსებმა მდინარის გადალახვა შეძლეს.

პრაქტიკულად მას შემდეგ რაც 23 მაისიდან მოყოლებული უკრაინელებმა მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი დასახლება – მირონოვკსი და სვიტლოდარსკი დაკარგეს, ისინი მდინარის დასავლეთ სანაპიროს ამაგრებენ, თუმცა მათი პოზიციების ჩრდილო-აღმოსავლეთით პოპასნადან დაძრული რუსული დანაყოფები მოქმედებენ, რაც მათ ორი მიმართულებით მოქმედებისაკენ უბიძგებთ.

დღეს უკრაინული პოზიციების მიმართულებით რუსებმა ინტენსიური შეტევა წამოიწყეს, თუმცა წარუმატებელი, რასაც უკრაინელთა კონტრიერიში მოჰყვა. ჯერჯერობით სიტუაცია ტერიტორიული ფლობის კუთხით უცვლელია.

  • უკრაინელები ზაპორიჟიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, პოლოჰის ირგვლივ რუსულ პოზიციებს ერთი კვირაა ინტენსიურად ბომბავენ. დღეს მათ რუსული საარტილერიო ჭურვების საწყობი გაანადგურეს.
  • რუსების დიდმა ნაწილმა ქალაქი სევეროდონეცკის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი სრულად დატოვა და აღმოსავლეთით და პერიფერიებშია გამაგრებული. მათი მოკლევადიანი მიზანი უკრაინული კონტრშეტევის შეჩერება და შესაბამისად რუსული საარტილერიო დანადგარების დაცვაა, რომლებიც ტყიდან უშუალოდ ქალაქს თითქმის უწყვეტად ბომბავენ. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საარტილერიო იერიშების შემდეგ ქვეითების გამოყენებით მასშტაბური შეტევის დაწყება ქალაქზე მოსალოდნელია.
  • ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არანაირი ფორმით არ დაუჭერს მხარს უკრაინისათვის საზიანო ისეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს და რუსულ აგრესიას წარმატებულად გამოიყვანს.
  • ბრიტანეთთან ერთად ესტონეთი განაგრძობს თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისათვის. ამასთან ესტონეთში პოლიტიკური კრიზისია, სადაც პრემიერი კაია კალასი საკუთარ კოალიციას აკრიტიკებს და რუსული საფრთხის უფრო სერიოზული აღქმისათვის მოუწოდებს. რეალურად მისი – პრემიერი კალასის – მხარდაჭერა ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალია. იგი ამ კრიზისის ფონზე ან სხვა პოლიტიკურ ძალებს მის ირგვლივ გაერთიანებას აიძულებს ან პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნებს ჩანიშნავს, რაც თითქმის უეჭველად იმაზე დიდ გამარჯვებას მოუტანს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ამასთან, პრემიერი კალასი აღნიშნული კრიზისის ფონზე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ ჯონსონთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის მტკიცე გაგრძელების პირობა დადო.
  • პოლონეთი დამატებით თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს “კრაბებს” გადასცემს უკრაინას. შეიარაღების იმ რაოდენობაზეა საუბარი, რამდენიც პოლონეთს ერთიანად შეიძლება არც კი ჰქონდეს. შესაბამისად ისინი ან თავად აწარმოებენ უშალოდ უკრაინისათვის ან საკუთარს გამოუყოფენ და შემდგომ შეივსებენ მარაგებს.- წერს მიმომხილველი გიორგი კობერიძე.