“რონდელის” ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა გოგოლაშვილი უკრაინა- პოლონეთის ალიანსს, ბრზეჟინსკის წარსულში გამოთქმული მოსაზრებით ეხმაურება საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე.
“ზბიგნევ ბრზეჟინსკი 1990-ებში ვარაუდობდა, რომ პოლონეთი და უკრაინა გეოსტრატეგიულ ალიანსს გერმანიასა და საფრანგეთთან შექმნიდა . 30 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ სანახევროდ, მაგრამ მაინც გამართლდა მისი პროგნოზი – პოლონეთი და უკრაინა მართლა ქმნიან კოალიციას, მაგრამ გერმანიისა და საფრანგეთის ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. ბრზეჟინსკი იმასაც ამბობდა, რომ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში შევაო, და ეს რუსეთს არჩევანის წინაშე დააყენებსო – ან უკრაინასთან ერთად ევროპისკენ იაროს ან ევროაზიანიზმში მარტოდ-მარტო ჩაიკეტოსო. მგონი აქაც მართლება ბრზეჟინსკის ხედვა.
კიდევ ერთი საინტერესო მოდელი პოლონეთის უგვირგვინო პრინცს ადამ ჯეზი ცარტორისკის (Adam Jerzy Czartoryski) ეკუთვნოდა. 1830-იან წლებში ის ოცნებობდა პოლონეთ-ლიეტუვას კავშირის აღდგენაზე, და ამ კავშირში, რომელიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმებოდა ყველა სხვა აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სლავური ერების შემოერთებაზე. ეს ალიანსი რუსეთის შესაკავებლად განიხილებოდა და ასევე მაშინდელი პრუსიის (გერმანიის) ექპანსიონიისტური მისწრაფებებს უნდა აღდგომოდა წინ (შესაძლოა, ამ გეოპოლიტიკური კონცეპციის გამო (რადგან ის ანტიგერმმანულია წარმოშობით) არ უჭერს გერმანია ბოლომდე მხარს პოლონეთისა და უკრაინის გაძლიერებას. ამ მიმართულებით ძალზე საინტერესო პროექტი ასევე ჰქონდა იუზეფ პივზუდსკის (Józef Piłsudski), რომელიც 1918-1935 წლებში პოლონეთში უმაღლეს საერო და სამხედრო თანამდებობებს იკავებდა. მისი პროექტით, ყველა სლავური სახელმწიფო (ბელარუსის ჩათვლით), რუსეთის გარდა, ასევე რუმინეთი და უნგრეთი უნდა გაერთიანებულიყო. სხვათა შორის, პივზუდსკი ამბობდა, რომ დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე არ იარსებებდა დამოუკიდებელი პოლონეთიო. ის ასევე ფიქრობდა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობაც, რადგან ეს რუსეთის შესუსტებას ემსახურებაო. საგულისხმოა, რომ 1918-1921 წლებში არსებობდა საქართველო-პოლონეთის ალიანსი .
მოკლედ, ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ვფიქრობ გეოპოლიტიკაში მართლა არსებობს გარდაუვალი მოცემულობები. მათ შორის ის, რომ უკრაინა, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნები (საქართველოს ჩათვლით) ბუნებრივი პარტნიორები არიან. ისინი ჰალფორდ მაკინდერის თეორიაში “ჰართლენდის” ნაწილის იმ სივრცეს ქმნიან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთისთვის სტრატეგიული უპირატესობის სრულად ჩამორთმევის ტოლფასია. მაგრამ ისინი უკვე გახდნენ დამოუკიდებლები და მათ გაერთიანებას (თუ მოხერხდა) დიდი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, რუსეთის დღევანდელი მთავრობა ცდილობს ეს არ დაუშვას. მისი ნაწილის (უკრაინა, საქართველო) უკან ჩათრევის მცდელობა ამ თვალსაზრისით რუსეთის ბოლო გაბრძოლებაა. ახლა, რუსეთს აქვს ორი ალტერნატიული გამოსავალი (ბრზეჟინსკი ასე ვარაუდობდა) – დათმოს მეზობლების დამოუკიდებლობა, შეცვალოს გეზი, მოიშოროს თავისი მონღოლური ფესვები და თავადაც შეუერთდეს ევროპას, თუ დარჩეს იზოლირებულ ევრაზიულ აქტორად. 90-იან წლებში ელცინი პირველ ალტერნატივას ირჩევდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა სამწუხაროდ მეორე ალტერნატივაზე შეჩერდა. სამწუხაროდ მის არჩევანს სრულად უმაგრებს ზურგს ჩინეთი, რომლის გავლენასაც რუსეთმა, შესაძლოა ძალიან მალე თავი ვეღარ დააღწიოს.”