ზურა ჯაფარიძე: ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ

პოლიტიკური პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა – ზურა გირჩი ჯაფარიძემ კრიტიკული განცხადება გააკეთა საქართველოს მთავრობის მიმართ:

“მათთვის, ვისთვისაც მორალური არჩევანი მნიშვნელოვანი არ არის

იქნებ ამაზე მაინც დავფიქრდეთ:

მალე რუსეთის ადგილას იქნება დიდი შავი ლაქა

ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს რუსეთთან ურთიერთობაზე/ვაჭრობაზე

ეს ნიშნავს იმას რომ რუსეთის გავლით პრაქტიკულად ნულამდე დავა ფულის, ადამიანების და საქონლის გადაადგილება

რუსეთისგან აღარ იყიდიან ნედლეულს, მათ შორის ნავთობს, გაზს, მეტალებს და სხვა

რუსეთიდან გაიტანენ წარმოებებს

რუსეთში აღარ შეიტანენ ტექნოლოგიებს, მანქანა-დანადგარებს და ა.შ.

რუსეთისთვის ჩაიკეტება საჰაერო სივრცეები

რუსეთისთვის ჩაიკეტება პორტები

რუსეთთან შეწყდება სარკინიგზო მიმოსვლა

რუსეთის ფინანსური სისტემა სულ უფრო მეტად ჩაიხსნება განვითარებული სამყაროს ფინანსური სისტემიდან

რუსეთი იქნები კეთროვანი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და ყველასთვის ვისთვისაც ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა/ვაჭრობა მნიშვნელოვანია

რუსეთი ეცდება ხვრელების პოვნას, მაგრამ ცივილიზებული სამყარო დასჯის ყველას ვინც რუსეთს იზოლაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარება

დიდი, შავი ლაქა მსოფლიო რუკაზე

ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი

შეგვიძლია რუსეთის შიშით გავაგრძელოთ ტრაკის თამაში და დავრჩეთ რკინის ფარდის იქით რუსეთთან ერთად, რაც ნიშნავს ქვეყნის გაწირვას სიღარიბისთვის გაურკვეველი ვადით

ოცნების დღევანდელი პოლიტიკა ამ გზას მოასწავებს

ან შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ გარდაუვალი რეალობით

ევროპიდან აზიისკენ და აზიიდან ევროპისკენ დღეს მოძრაობს ბევრი ადამიანი, უამრავი ტვირთი და დიდი ფული

საქართველოს, თუ ის გააკეთებს სწორ არჩევანს, შეუძლია გახდეს ამ ყველაფრის გამტარი

უნიკალური შანსია, რომელიც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ შეიძლება ჩნდებოდეს

საზღვაო სატრანსპორტო გზები ამ ახალ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, უკვე სერიოზული პრობლემები იყო ამ მხრივ პანდემიის პერიოდში

წარმოიდგინეთ რა მოცულობის ტვირთებია წასაღები მხოლოდ ჩინეთიდან და ყაზახეთიდან ევროპისკენ და პირიქით

წარმოიდგინეთ რამხელა ფულზეა საუბარი

წარმოიდგინეთ რამდენ სამუშაო ადგილზეა საუბარი თუ ეს ყველაფერი საქართველოზე გაივლის

ამას სჭირდება კარგი ეკონომიკური გარემო საქართველოში (დაბალი გადასახადები, ნაკლები რეგულაციები, სანდო ფული, წესიერი სასამართლო)

ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში (ანაკლიის პორტი, რკინიგზა, გზები, აეროპორტები, ელ ენერგია და ა.შ.), რომელსაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დააფინანსებენ (მათ ინტერესშია)

ამას სჭირდება რომ დღეს ანაკლიის პორტი უკვე გაშვებული იყოს, მაგრამ ხელახლა დაწყებაც არაა გვიანი

ამას სჭირდება რომ სირებივით არ გვეშინოდეს უცხოელების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოშვების

ამას სჭირდება რომ კოლექტიური გოლეთიანები, რუსეთის ზურგითა და იდიოტური ხედვებით ხელს არ უშლიდნენ ამ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებას

რაც მთავარია, ამას სჭირდება რომ დღეს საქართველოს სახელით მთავრობის წევრები გაუჩერებლად დარბოდნენ ცალკე ევროპაში, ცალკე აზიაში და ჩვენ ქვეყანას სთავაზობდნენ ყველას როგორც საუკეთესო დამაკავშირებელს საჰაერო, სახმელეთო და ნაწილობრივ საზღვაო ტვირთებისთვის

ამას სჭირდება რომ დღეს არა მხოლოდ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვიდგეთ უკრაინის გვერდით, არამედ ვიყოთ ამ საქმეში მოწინავეები – ყველაზე აქტიურები და ყველაზე ინიციატივიანები

ამ არჩევნის წინაშეც ვდგავართ დღეს, გარდა მორალური არჩევანისა

ისტორიული შანსია ამ მძღნერიდან სწრაფად ამოსვლის

ყოველთვის როცა საქართველო იყო ძლიერი, ყოველთვის გამონაკლისის გარეშე, აქ გადიოდა სავაჭრო გზები იმიტომ რომ 1. გეოპოლიტიკური სიტუაცია გვიწყობდა ხელს და 2. აქ გვქონდა ვაჭრობისთვის ხელსაყრელი გარემო

‘ფუნქცია გვქონდა’

ეგეთი შანსი გვეძლევა გარდაუვლად და კობახიძეები ვიქნებით ყველა ერთად ამ შანსს თუ გავმაზავთ.”