იაგო კაჭკაჭიშვილი: “ანტი-მიშას” პროპაგანდა არ იმუშავებს

ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევამ სხვადასხვა რამ აჩვენა – 1. ხელისუფლების მიმართ ნდობა შემცირებულია და ლამის ქვეყნის საჯარო მოხელეების მასშტაბს ფარავს, 2. ოპოზიცია ფერდაკარგულია და მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს ვერ პასუხობს, 3. ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ აკმაყოფილებს ვერც სოციალური კეთილდღეობის და ვერც დემოკრატიული განვითარების სტანდარტებს და თავდაღმართში მიდის, 4. საგარეო პრიორიტეტები, ევროკავშირის და ნატოს სახით, შენარჩუნებულია, 5. კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავების ძირითად სტრატეგიად მოსახლეობა კვლავ არ მიიჩნევს ვაქცინაციას და ა.შ.

თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფონზე, მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სტანდარტებისგან დაშორებულად მიიჩნევს და მისი ხედვით, საქართველო ევროპული განვითარების ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

მეტიც, მოსახლეობის განწყობებში გაუარესების ტენდენციაა, რაც იმედგაცრუების გაძლიერების მაპროვოცირებელია. ეს კი, რაღაც დროს, აქტიურ პროტესტში შეიძლება გადაიზარდოს. „ქართული ოცნება,“ ერთი მხრივ, ანტი-მიშას და ანტი-„ნაცმოძრაობის“ პროპაგანდით და, მეორე მხრივ, მაჟორიტარების „კოზირით“ გადიოდა არჩევნებში ფონს და ინარჩუნებდა ძალაუფლებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მომავალ არჩევნებში ვერც „ანტი-მიშას ფენომენი“ და ვერც მაჟორიტარები ვეღარ იქნებიან ხელისუფლების მაშველი რგოლები.