პუტინის მტკიცებით, დასავლეთი საინფორმაციო თავდასხმების სამიზნედ, პირველ რიგში, რუს ახალგაზრდობას ირჩევს. ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას მან დასავლეთის “გარყვნილებაზე”, “პედოფილიაზე”, “ერთსქესიანთა ქორწინებასა” და “ეროვნული იდენტობის” ნგრევაზე ისაუბრა:
„მათ არ შეუძლიათ არ გააცნობიერონ, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია, ამიტომ ისინი სულ უფრო და უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმებს ახორციელებენ ჩვენს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს, ახალგაზრდა თაობას ირჩევენ“, – ამბობს პუტინი.
მისი თქმით, “არავინ აპირებს ზრდასრულთა პირად ცხოვრებაში ჩარევას”, მაგრამ ამბობს, რომ “არ უნდა დაივიწყონ წმინდა წერილი” – “აქ ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის ის, რომ ოჯახი არის კავშირი კაცისა და ქალის, მაგრამ ეს წმინდა ტექსტებიც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი შვილები და ამას გავაკეთებთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს შვილებს დეგრადაციისა და გადაგვარებისგან!” – თქვა პუტინმა.