ხელისუფლების ანტიევროპული განწყობა ყველაზე მეტად ახლა გაშიშვლდა, რაც მათ ელექტორატის დაკარგვის საშიშროების წინაშე აყენებს. ხელისუფლებას სწორედ ამიტომ აქვს რეპრესიული პოლიტიკის გატარების განზრახვა, – ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა უჭირს, რადგან მან ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად, სულ უფრო ნაკლები სივრცე დატოვა.
„ხელისუფლება აქამდე ახერხებდა, რომ ერთ ხელით ეგინებინა ევროპა, მაგრამ მეორე მხრივ, ეთქვა, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ოღონდ ღირსეული ევროპა და ა.შ., მაგრამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს ახლა, იმიტომ, რომ მან თავისი ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და სულ უფრო ნაკლები სივრცე და ადგილი დატოვა ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღა ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
კაჭკაჭიშვილის განცხადებით, 7-9 მარტის მოვლენების დროს, საპროტესტო ნაკადის დასაწყისი ვიხილეთ, რომელსაც ჰქონდა პოტენცია, რომ წამლეკავი ძალა გამხდარიყო და სწორედ აქ მიხვდა ხელისუფლება, რომ რაღაც უნდა დაეთმო.